„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეცხრე სკუდეტოსკენ ბოლო ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თეორიული შანსი ტიტულის დაკარგვისა არსებობს, ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია.
„იუვემ“ 34-ე ტურში რომის „ლაციოს“ 2:1 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორი პენალტით. კრიშტიანუ რონალდუმ 3-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა. ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა, მერე პაულო დიბალას პასი დაუფასა. მატჩის მიწირულს ჩირო იმმობილემ პენალტით შეამცირა სხვაობა.
მაურიციო სარის გუნდი კიდევ ერთხელ დადგა ორბურთიანი უპირატესობის განიავების საშიშროების წინაშე, რაზეც პაულო დიბალას დანიელე რუგანით შეცვლაც მიანიშნებს. სტუმრებს ჰქონდათ კიდეც გათანაბრების შანსი, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ ივარგა.
„იუვეს“ ისევ არ უთამაშია მომნუსხველი ფეხბურთი, მაგრამ 2:0-ზე რამდენიმემომენტი ჰქონდა, რონალდუს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო. უამისოდაც პორტუგალიელმა რეკორდი დაამყარა. მან ყველაზე ცოტა მატჩი ჩაატარა (61) იმისთვის, რომ იტალიის ჩემპიონატში 50-გოლიან ზღვარს გადაცდენოდა (51).
კრიშტიანუ ბომბარდირთა დავაში იმმობილესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს (30 გოლი).
„იუვენტუსმა“ კი უახლოეს მდევარ „ინტერს“ უკვე 8 ქულით გაასწრო და სკუდეტოს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად მოიგებს.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:1 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (მატუიდი 57), ბენტანკური, რაბიო; დუგლას კოშტა (დანილო 57), რონალდუ, დიბალა (რუგანი 89)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ლაციო“(3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი, ლუის ფელიპე (ფალბო 89), აჩერბი; ლაძარი (მორო 89), მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი (ა. ანდერსონი 75), პაროლო, დ. ანდერსონი (ვავრო 66); კაისედო (ადეკანიე 66), იმობილე
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 1:0 რონალდუ (51, პენ), 2:0 რონალდუ (54), 2:1 იმმობილე (83, პენ)
გაფრთხილება: ალექს სანდრო (60), ბონუჩი (82), დანილო (88) – დ. ანდერსონი (37)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 6 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: დანიელე ორსატო