სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა „ჯენოას“ არგენტინელი მცველი კრისტიან რომეროა. 20 წლის ნიჭიერ მცველს თვალი „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ დააგდეს.
აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-თან საუბარში გენუური გუნდის გენერალურმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ დაადასტურა:
„ორივე გუნდი დაინტერესებულია, მაგრამ ამ მომენტისთვის „ბიანკონერიმ“ უფრო კონკრეტული ინტერესი გამოავლინა. „იუვენტუსთან“ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და უკვე რამდენიმე ტრანსფერი ჩვენს შორის შედგა კიდეც“, – თქვა პერინეტიმ.
რაც შეეხება რომეროს, ევროპაში პირველ სეზონს ატარებს და ამ დროისთვის 11 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.