იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, მაგრამ იმარჯვა. „იუვეს“ ძალიან გაუჭირდა რობერტო დე ძერბის გუნდის წინააღმდეგ და ბეწვის ხიდზე გაიარა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე ტაიმში ტრავმები მიიღეს ვესტონ მაკკენიმ და პაულო დიბალამ და მოედანი დატოვეს. მათი დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი. სანამ მაკკენი მოედნიდან გავიდოდა, მანამდე ქუსლით შესანიშნავი პასი გააკეთა და პირველი საგოლე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ჯანლუკა ფრაბოტამ არაზუსტად დაარტყა.
პირველივე ტაიმის მიწურულს პედრო ობიანგმა ფედერიკო კიეზას წინააღმდეგ იუხეშა და დამსახურებულად გააძევეს. კიეზაც ტრავმის საშიშოშორების წინაშე იყო, მაგრამ თამაშის გაგრძელება მოახერხა.
მეორე ტაიმი „იუვემ“ რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა, მაგრამ მაინც გაუჭირდა. ანგარიში კი დანილოს ულამაზესი გოლით გაიხსნა. ბრაზილიელ მცველს ნამდვილად კარგი სეზონი აქვს და ეს ამ მატჩშიც დაამტკიცა, ის საუკეთესო იყო მოედანზე. „სასუოლომ“ მალე გაათანაბრა დეფრელის გოლით და ნერვიულობაც ამის შემდეგ დაიწყო.
კრიშტიანუ რონალდუმ ანდრეა კონსილის პირისპირ ვერ აჯობა და დროც გადიოდა. 82-ე წუთზე სტუმართა დაცვა ჩავარდა, ფრაბოტას პასით აარონ რემზიმ გაიტანა და „იუვე“ მეორედ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი დანილომ საოცარი პასით რონალდუ მეკარესთან პირისპირ დატოვა და პორტუგალიელმა ამჯერად აღარ შეცდა – 3:1.
„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში პირველად მოიგო ზედიზედ 3 თამაში, 33 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ „რომასთან“ და „ინტერთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა. სწორედ „ინტერი“ იქნება ანდრეა პირლოს გუნდის მეტოქე შემდეგ ტურში 17 იანვარს. მანამდე ოთხშაბათს, იტალიის თასზე „იუვენტუსი“ „ჯენოას“ ეთამაშება.
„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 3:1 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ფრაბოტა; კიეზა (ბერნარდესკი 86), არტური, ბენტანკური (რაბიო 46), მაკკენი (რემზი 19, მორატა 86)); დიბალა (კულუშევსკი 42), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„სასუოლო“ (4-2-3-1): კონსილი; მულდური (ოდეი 73), კირიკეში (აიჰანი 87), ფერარი, კირიაკოპულოსი; ობიანგი, ლოკატელი; დეფრელი (ბოგა 67), ჯურიჩიჩი (ლოპესი 46), ტრაორე; კაპუტო (ტოლიანი 46)
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
გოლები: 1:0 დანილო (50), 1:1 დეფრელი (58), 2:1 რემზი (82), 3:1 რონალდუ (90)
გაფრთხილება: ბონუჩი (13), ბენტანკური (35), ფრაბოტა (71), კულუშევსკი (79) – ფერარი (17)
გაძევება: ობიანგი (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (10) – 10 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: დავიდე მასა