ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ლევერკუზენში, „ბაიერთან“ მატჩით დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში მისთვის არაფერს წყვეტდა, გამარჯვება მოიპოვა.
„იუვემ“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, განსაკუთრებით დაცვის ხაზში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მერიჰ დემირალისა და დანიელე რუგანის წყვილმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება და უცნაურია, რომ მაურიციო სარი არცერთს არ აძლევს თავის გამოჩენის შანსს.
„იუვენტუსმა“ კი, გერმანული გუნდი მეორე ტაიმში გატეხა. პაულო დიბალა მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და სწორედ ამის შემდეგ სტუმრებმა შეტევაში ჩინებულად ითამაშეს. არგენტინელმა ორი საგოლე პასი მიითვალა, ჯერ რონალდუს გაატანინა, შემდეგ გონსალო იგუაინს გაუწია ასისტენტობა და „პიპიტამ“ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა.
საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ D ჯგუფში 16 ქულა დააგროვა (5 მოგება, 1 ფრე) და პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალის მეტოქეს კი 16 დეკემბერს შეიტყობს. ამ ეტაპზე მხოლოდ სავარაუდო მოწინააღმდეგებია ცნობილი: „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“.
„ლევერკუზენი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)
ლევერკუზენი, „ბაი არენა“
მაყურებელი: 29 000
„ლევერკუზენი“ (4-4-2): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, დრაგოვიჩი, ს. ბენდერი, სინკგრავენი; ბელარაბი (ბაილი 66), დემირბაი (ბაუმგრატლინგერი 65) არანგიზი, დიაბი; ჰავერცი, ალარიო (ვოლანდი 82)
მწვრთნელი: პეტერ ბოში
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; დანილო, დემირალი, რუგანი, დე შილიო; კუადრადო (მურატორე 90), პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 85); ბერნარდესკი (დიბალა 66); რონალდუ, იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 რონალდუ (75), 0:2 იგუაინი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 6 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)