მთავარი / სიახლეები / “იუვემ” და “მილანმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

“იუვემ” და “მილანმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ფედერიკო ბერნარდესკისა და ალესიო რომანიოლის ბარტერზე სერიოზულად ფიქრობენ.

ამ ბარტერს რამდენიმე ფაქტორი ხელს უწყობს: ორივე ფეხბურთელს ერთი აგენტი ჰყავს (მინო რაიოლა), ორივეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურებათ და არცერთს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, შესაბამისად, მათთან ხელშეკრულების განახლება დღის წესრიგში არ დგას.

„მილანს“ მარჯვენა ფლანგზე შემტევი ფეხბურთელი სჭირდება, ხოლო „იუვენტუსს“ დიდი ალბათობით ჯორჯო კიელინი დატოვებს და რომანიოლი მისი ერთ-ერთი იდეალური შემცვლელი შეიძლება იყოს, ყოველშემთხვევაში თვისებებიდან გამომდინარე. ალესიო ჯორჯოს დარად ცაციაა და დაცვის ცენტრის მარცხენა მხარეს თამაშობს. ფედერიკოც და ალესიომ თანატოლები არიან – შესაბამისად, 27 და 26 წლის, რაც გაცვლის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბერნარდესკი “იუვეს” ძირითადში ვერ ხვდება და მოლოდინი ვერ გაამართლა, ხოლო რომანიოლი “მილანის” კაპიტანია, მაგრამ ფიკაიო ტომორის გუნდში მისვლის შემდეგ თადარიგში გადაინაცვლა.

ალესიო რომანიოლი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. „მილანში“ ის 2015 წელს გადავიდა და 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია. „როსონერიში“ იტალიელმა მცველმა 219 თამაშში 9 გოლი გაიტანა. 2014-2015 წლების სეზონში მან იჯარით „სამპდორიაში“ ითამაშა (31 მატჩი, 2 გოლი). იტალიის ნაკრებში კი 12 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსს“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ შეუერთდა და შავ-თეთრი მაისურით 144 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე მან ფლორენციულ გუნდში 93 თამაშში თავი 23-ჯერ გამოიჩინა. ერთი სეზონი კი იჯარით „კროტონეში“ აქვს გატარებული (39 მატჩი, 12 გოლი). იტალიის ნაკრებში ბერნარდესკიმ 29 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …