ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფი სტეფანო სტურარო იტალიაში ბრუნდება და კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. Football Italia-ს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი გენუურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
„ჯენოას“ ზაფხულში სტურაროს გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის წინ „იუვემ“ იტალიელი ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ გაანათხოვრა, თუმცა ტრავმის გამო პორტუგალიურ გუნდში საერთოდ არ უთამაშია.
„იუვენტუსმა“ სტურარო 2014 წლის ზაფხულში სწორედ „ჯენოადან“ შეიძინა, მაგრამ 6 თვე იჯარით „როსობლუში“ დატოვა. სტეფანომ საბოლოოდ „ბებერი სინიორას“ მაისური 2015 წლის ზამთარში მოირგო.
სტურაროს ტურინული გრანდის რიგებში 90 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლის გატანა შეძლო (2 სერია A-ში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე).