ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ სერია A-ს მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრას დიდი ალბათობით 17 მარტს გამართავს. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
საქმე ისაა, რომ „ნაპოლი“ ევროპა ლიგიდან გავარდა და კალენდარში ეს თარიღი გათავისუფლდა. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი კვირის სესიაში ითამაშებს (9 მარტს) და შესაბამისად, მეორე კვირის სესია (16-17 მარტი) თავისუფალი აქვს. ვინაიდან, ახლა ევროთასებზე „ნაპოლი“ აღარ თამაშობს, 17 მარტს თამაშის ჩატარება შესძლებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ნაპოლი“ 4 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ნეაპოლელები ტურინში კოვიდინფიცირებული ორი ფეხბურთელის გამო არ ჩავიდნენ. თავდაპირველად „იუვენტუსს“ ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვალა, ხოლო „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 1 ქულა დააკლეს. თუმცა, შემდეგ ნეაპოლელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და დაუკმაყოფილეს.
შესაბამისად, ტურინელთა ტექნიკური მოგება გაუქმდა და „ნაპოლისაც“ დაკლებული ქულა დაუბრუნდა. ახლა ეს გუნდები მოედანზე 17 მარტს გავლენ. მიმდინარე სეზონში „ბებერი ქალბატონი“ ორჯერ დაუპირისპირდა „ნაპოლის“ – სერია A-ში ნეაპოლში 0:1 წააგო, ხოლო იტალიის სუპერთასზე ანდრეა პირლოს გუნდმა 2:0 იმარჯვა.