მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ბოლონია”: წინათქმა
“იუვე” – “ბოლონია”: წინათქმა

“იუვე” – “ბოლონია”: წინათქმა

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონში პირველად კალენდარული ტური შუა კვირაში იმართება. „იუვენტუსის“ მეტოქე კი „ბოლონია“ იქნება. „იუვეს“ მიმდინარე სეზონში ქულები არ დაუკარგავს და „როსობლუსთანაც“ სამი ქულის მოპოვებას გეგმავს.

„იუვეს“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ტრადიციას არ ღალატობს და წინა თამაშთან შედარებით შემადგენლობა ახლას სახეცვლილი იქნება. ალეგრის გუნდის კომპლექტაცია ამის საშუალებას აძლევს. აღნიშნულ შეხვედრაში დებიუტი ექნება მატია პერინს, რომელსაც ტურინელთა მაისური ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ მოურგია. გუნდს დაუბრუნდა ანდრეა ბარძალიც, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდება. თუმცა, არიან სხვა ტრავმირებულები: სამი ხედირა, მატია დე შილიო და ლეონარდო სპინაცოლა. დუგლას კოშტასაც ტრავმა აქვს, მაგრამ ამავდროულად დისკვალიფიცირებულია.

რაც შეეხება „ბოლონიას“ – ფილიპო ინძაგის გუნდმა სტარტზე ოთხი წარუმატებელი თამაში ჩაატარა, მაგრამ ბოლო ტურში თვით „რომა“ დაამარცხა და ხასიათი მკვეთრად გამოიკეთა. ინძაგის რაც შეეხება, პიპოსთვის „იუვენტუსი“ ნაცნობი ადგილია, სადაც 1997-2001 წლებში ირჯებოდა. ლეგენდარული ფორვარდი მიიჩნევს, რომ ამჟამად „იუვე“ არამარტო იტალიაში, არამედ ევროპაში საუკეთესოა, თუმცა მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. რთულ თამაშს ელოდება მისი ვიზავი ალეგრიც და შეგირდებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს.

აქამდე “იუვენტუსი” და “ბოლონია” სერია A-ში 142-ჯერ შეხვედრილან და ტურინელთა სასარგებლოდ დიდი უპირატესობაა: 71 გამარჯვება, 48 ფრე, 23 წაგება.

მასიმილიანო ალეგრი: „ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც „რომასთან“ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და მაშინაც, როდესაც მარცხდებოდა, კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. ინძაგი ძალიან ყოჩაღია და მისი შეგირდები კონცენტრაციით თამაშობენ“.

ფილიპო ინძაგი: „რომასთან“ ჩვენი ბევრს არ სჯეროდა და ახლაც ასეა. ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც დიდი ალბათობით, ევროპაში ყველაზე ძლიერია. მაგრამ, თამაში იწყება 11 11-ის წინააღმდეგ და მოედანზე უკვე დამარცხებულები არ გავალთ“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

26 სექტემბერი, 23:00 საათი

„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, რონალდუ, დიბალა

„ბოლონია“ (4-4-1-1): სკორუპსკი; მბაიე, დანილო, დე მაიო, მატიელო; ორსოლინი, ნადი, დზემაილი, დიკსი; ოკვონკვო; ფალჩინელი

მსაჯი: მაურიციო მარიანი

სტატისტიკა

10 – „ბოლონიამ“ „იუვენტუსთან“ ბოლო 10 თამაშიდან 9 წააგო (1 ფრე) და აქედან ექვსში გოლიც არ გაუტანია.

5 – „იუვემ“ „ბოლონიას“ ბოლო ხუთი საშინაო მატჩი მოუგო და „როსობლუსთან“ ასეთი კარგი სერია მანამდე არ ჰქონია.

5 – ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა 1929-1930 წლების სეზონიდან, როდესაც „იუვემ“ სტარტზე ექვსივე თამაში მოიგო (ყველა ტურნირზე). უკეთესი შედეგი 1930-1931 წლების სეზონში ჰქონდა: შვიდიდან შვიდი გამარჯვება.

1 – „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო. 11 მოიგო და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

1 – „ბოლონიამ“ გასულ ტურში „რომა“ დაამარცხა და 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ხსენებულ 10 თამაშში „როსობლუს“ მხოლოდ 2 ფრე ჰქონდა და სამი გოლი გაიტანა.

115 – „იუვენტუსმა“ განვლილ ხუთ ტურში ყველაზე მეტი, 115 დარტყმა შეასრულა და ეს 25-ით მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდების მაჩვენებელი.

8 – „იუვეს“ მეორე ტაიმში მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 11-დან 8 გოლი „ბიანკონერიმ“ მეორე ნახევარში გაიტანა.

8 – კრიშტიანუ რონალდუ თამაშში საშუალოდ 8.4 დარტყმას ახორციელებს და ეს ყველაზე მაღალი შედეგია იტალიის ჩემპიონატში 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ.

1 – ბლეზ მატუიდის „იუვენტუსში“ 4 გოლი აქვს გატანილი და მათ შორის სადებიუტო სწორედ „ბოლონიას“ კარში, 2017 წლის დეკემბერში.

250 – „ბოლონიას“ მცველი დანილო სერია A-ში 250-ე შეხვედრას ჩაატარებს. ბრაზილიელს ბოლო გოლი სწორედ ტურინელთა კარში აქვს გატანილი 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …