ესპანური მედიის ცნობით, მაურიციო სარიმ ტურინის „იუვენტუსში“ ისკოს ტრანსფერი ჩაშალა. Don Balon-ი წერს, რომ ტურინელები მადრიდის „რეალთან“ და თავად ფეხბურთელთან ჯერ კიდევ მასიმილიანო ალეგრის დროს შეთანხმდნენ.
„სამეფო კლუბი“ 70-80 მილიონ ევროს მიიღებდა, ხოლო ფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 10 მილიონი ევრო იქნებოდა. „იუვე“ მზად იყო ისკოს სანაცვლოდ პაულო დიბალა ან დუგლას კოშტა გაეყიდა.
თუმცა, სარიმ ისკოს შეძენაზე უარი თქვა და ამჯობინა, რომ ტურინელებს ადრიენ რაბიო და მატიას დე ლიხტი ეყიდათ. შედეგად, ესპანელის „იუვენტუსში“ გადაბარგების საკითხი არ შედგა.