ემრე ჯანისა და „იუვენტუსის“ ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამ დრომდე მაურიციო სარის თავი ვერაფრით მოაწონა და აღარაფერი უდგას წინ გუნდიდან მისი წასვლის ფაქტს.
სარიმ ჯანი ჯერ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა, მერე სერია A-შიც შანსს იშვიათად აძლევდა. თუმცა კი, როდესაც ემრემ ეს შანსი მიიღო, ვერ ვიტყვით, რომ გამოიყენა, რადგან მოედანზე ყოველთვის ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო.
იანვარში ემრეს გადაბირება ყველაზე მეტად პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ. საუბარია როგორც ჩვეულებრივ საიჯარო ხელშეკრულებაზე, ისე იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვეს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასული სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლამ მასზე უარყოფითად იმოქმედა.