ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მაურიციო სარის გუნდი მის გარეშე „პარმას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, ნერვიულობის ხარჯზე, მაგრამ მაინც დაამარცხა.
სეზონის პირველი გოლი კი, კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გაიტანა. საგოლე კომბინაცია მთლიანად მცველებისგან შედგებოდა – ალექს სანდრო, ლეონარდო ბონუჩი და ბოლოს ჯორჯო კიელინი. ეს იყო 21-ე წუთზე. ამის შემდეგ „იუვემ“ სცადა მეორე გოლის გატანა, მეტწილად პირველ ტაიმში, მაგრამ ვერ შეძლო. უფრო სწორად, 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმაც შეარხია მეტოქის კარის ბადე, მაგრამ ვიდეორეფერიმ მცირე თამაშგარის გამო გოლი გააუქმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კრიშტიანუს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ყველა გაანიავა. უსაქმოდ არც მეტოქე ყოფილა – „პარმამ“ იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ კიელინის გოლით პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ვთქვათ, რომ პაულო დიბალა 90 წუთი თადარიგში დარჩა, რაც მის ტრანსფერზე საუბარს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე არ უთამაშია მატიას დე ლიხტს და სარის გადაწყვეტილებით „ენიო ტარდინიზე“ დაცვის ცენტრში ძველმა გვარდიამ (ბონუჩი-კიელინი) ითამაშა. ჯანლუიჯი ბუფონსაც თადარიგში მოუწია ყოფნა.
მოკლედ, სეზონი დაწყებულია, მომდევნო შეხვედრას კი „იუვე“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.
„პარმა“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)
პარმა, „ენიო ტარდინი“
„პარმა“ (4-3-3): სეპე; ლაურინი, იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო; ბარილა (კარამო 85), ბრუგმანი (გრასი 77), ერნანი; კულუსევსკი (სილიგარდი 57), ინგლეზე, ჟერვინიო
მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (რაბიო 63), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (კუადრადო 71), იგუაინი (ბერნარდესკი 83), რონალდუ
მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო
გოლი: 0:1 კიელინი (21)
გაფრთხილება: კულუსევსკი (27), ერნანი (45) – ხედირა (53), ბერნარდესკი (88), პიანიჩი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: ფაბიო მარესკა