ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. გერმანელმა ფეხბურთელმა სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიმდინარე სეზონშივე სურს.
„შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი რონალდუს წინააღმდეგ წავაგე, წელს კი, მინდა მასთან ერთად მოვიგო. იტალიაში გულშემატკივრებისგან ბევრჯერ მოვისმინე, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა. ტიფოზებს ერთი სული აქვთ, რომ ეს მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენც. „ატლეტიკოსთან“ ძალიან რთული თამაში გველოდება, ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელიც წილისყრის შედეგად შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ძალიან მკაცრი გუნდია, თავს შესანიშნავად იცავს და მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუმცა, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ.
იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ. „იუვეს“ აქვს შანსი ზედიზედ მერვედ მოიგოს სკუდეტო, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის ძნელია და ამის უკან ბევრი შრომა დგას. სკუდეტო ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ ამავდროულად ჩემპიონთა ლიგაც.
რონალდუ? – მასთან ერთად თამაში შესანიშნავია, ყველას უნდა მისი თანაგუნდელი იყოს. ნამდვილი ჩემპიონი და შესანიშნავი ადამიანია მოედანს მიღმა. ყველასთან შეუძლია ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ემრე ჯანმა.