ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი ტრავმირებულია და გუნდს „აიაქსთან“ შეხვედრისთვის ამსტერდამში არ გაჰყოლია. თავისუფალი დროით ტელეკომპანია DAZN-მა ისარგებლა და გერმანელ ფეხბურთელთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
მერე ჯანი საუბრობს, როგორც საფეხბურთო, ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე. იხსენებს წარსულს და იტალია ძალიან მოსწონს.
„ამ დრომდე ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. გვინდა მოვიგოთ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა. განსაკუთრებით ამ თასის მოგება კლუბისთვის და ქალაქისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავს, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. „აიაქსი“ ახალგაზრდული და გაბედული გუნდია, „რეალთან“ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია. მაგრამ მირჩვენია ჩვენზე ვისაუბროთ, ძლიერი და გამოცდილი გუნდი გვყავს. თუ ჩვენს თვისებებს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ ნახევარფინალში გავალთ.
რონალდუს ეფექტი უზარმაზარია, როგორც კლუბში, ისე ჩემპიონატში, ყველა მასზე საუბრობს. მაგრამ ყველა დიდ ფეხბურთელზე საუბრობს, ჩემთვის მთავარია მასზე ვისაუბრო, როგორც ადამიანზე. ძალიან მეგობრულია, რომელსაც ფეხები მიწაზე აქვს. 34 წლის ასაკშიც უნდა დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა და ამას ყოველ თამაშზე ცდილობს. „ატლეტიკოსთან“ მისი თამაში სიგიჟე იყო.
ალეგრი ტაქტიკის მაესტროა, ყოველი თამაშის წინ რამდენიმე სქემა აქვს და ყოველთვის ახალ გამოსავალს ეძებს. თავს ვიცავთ და ვუტევთ განსხვავებულ სტილში ყოველ თამაშზე, მისთვის ყველა პატარა დეტალი მნიშვნელოვანია. როგორც პირვნება, ძალიან მხიარეულია, ბევრს ხუმრობს და ერთობა ჩვენთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ცოტა მესმის, რადგან ტოსკანური დიალექტი ძალიან რთულია (იღიმის). ბევრ ასოს ყლაპავს. ვარჯიშების მეთოდი? მე კლოპთან ვმუშაობდი „ლივერპულში“ და მძიმე სამუშაოს შეჩვეული ვარ (იღიმის), მაგრამ აქ „იუვენტუსში“ კიდევ უფრო რთულია. თავდაპირველად ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა ჩემი სხეული ამ ვარჯიშებზეა მორგებული.
რასიზმი? მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება და ეს ნამდვილად სამწუხაროა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურები, საიდან ხარ, რა რელიგია გაქვს ან კანის ფერს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ვინც ამ ყველაფერს პატივს არ სცემს, სტადიონებიდან შორს უნდა იყვნენ. სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერიოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ლივერპული“? კლოპი იმედგაცრუებული იყო, უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი „ლივერპულში“, მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მის ან კლუბის წინააღმდეგ, მაგრამ უბრალოდ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. „ლივერპულში“ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების, რომლებიც გვერდში მედგნენ.
გერმანიის ნაკრები? იმედგაცრუებული დავრჩი, რომ ლიოვმა არ გამომიძახა, რადგან ვფიქრობდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. ვფიქრობ, ჩემი თამაში გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა განსხვავებულად შეაფასა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის მივიღებ, ვეცდები ეს იმედგაცრუება მოტივაციისთვის გამოვიყენო. გავაგრძელებ მაქსიმუმის ჩვენებას, სანამ მწვრთნელი ნაკრებში არ გამომიძახებს. პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევა უარვყავი? მე ფეხბურთელი ვარ და არა პოლიტიკოსი. ამიტომაც, არ წავედი შეხვედრაზე.
„ბაიერნთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა? ერთი წუთიც არ მითამაშია, შესაბამისად, ამ გამარჯვების გემოს ვერ ვგრძნობ. თუმცა, მინდა ამჯერად ერთ-ერთი გმირის რანგში გავხდე გამარჯვებული. გვარდიოლას მოსვლა და ჩემი წასვლა? კლუბთან კონტრაქტი მქონდა, კლუბსაც უნდოდა ჩემი შენარჩუნება, მაგრამ ვხვდებოდი, რომ თამაშის შესაძლებლობა არ მომეცემოდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სათამაშო პრაქტიკა. „ლევერკუზენმა“ ეს შანსი მომცა და როდესაც უკან ვიხედები, ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება.
ხედირა? ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. ეს იყო ნამდვილი შოკი ყველასთვის, როდესაც გავიგეთ მსი გულის პრობლემების შესახებ. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. სამი ძალიან მეხმარება, გასული შემოდგომა ადვილი არ იყო ჩემთვის ფარისებრი ჯირკვლის გამო, მაგრამ გუნდმა მხარი დამიჭირა და დრო მომცა და ახლა ძალიან კარგად ვარ და ფორმაში შევედი. „იუვენტუსი“ ოჯახია, მკურნალობის დროს დიდი სითბო ვიგრძენი.
იტალია? იტალიური სტილი ძალიან მომწონს, ვის არ უყვარს იტალიური საჭმელი? ჩემთვის თურქულ სამზრეულოსთან ერთად იტალიური საუკეთესოა. გარდა ამისა, ადამიანები ძალიან ბედნიერები არიან, გემოვნებიანად აცვიათ. მომწონს. თითქმის ყოველი დღე მზიანია, ცხოვრების დონეც უფრო მაღალია, ვიდრე ინგლისსა და ესპანეთში, სადაც ხშირად წვიმს. ბედნიერი ვარ და აქ წლების განმავლობაში მინდა დარჩენა. თუმცა, ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება და გუნდში როდემდე დარჩები. ზოგჯერ, შენს სურვილზე არცაა დამოკიდებული“, – განაცხადა ემრე ჯანმა.