პაულო დიბალამ CNN-თან ინტერვიუში „იუვენტუსის“ ქომაგებისთვის საგანგაშო განცხადება გააკეთა. არგენტინელის თქმით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არავინ დაკავშირებია.
დიბალამ არ იცის სურს თუ არა კლუბს მასთან ისევ თანამშრომლობა.
„კონტრაქტი? ჯერჯერობით ახალი არაფერია. წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება დამრჩა და ეს არც ისე ბევრია. მესმის რაც კორონავირუსის გამო მოხდა და კლუბისთვის ადვილი არაა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა კონტრაქტები განაახლეს… ასე, რომ დაველოდოთ.
ცხადია, მე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ხალხს ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს ქომაგები. კლუბის დიდად მადლიერი ვარ და იმ ადამიანების, ვინც აქ არიან. პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს და რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე ვილაპარაკებ. ან შესაძლოა არა, არ ვიცი. შესაძლოა კონტრაქტი გავახანგრძლივოთ, მაგრამ ეს „იუვენტუსზეა“ დამოკიდებული.
„ბარსელონა“? სიმართლე ისაა, რომ უზარმაზარი კლუბია და მესი მას კიდევ უფრო დიდს ხდის. ძალიან კარგი იქნებოდა მასთან ერთად თამაში. თუმცა, „იუვენტუსიც“ წარმოუდგენლად დიდი კლუბია, უზარმაზარი, ისტორიით სავსე, სადაც ჩემპიონები თამაშობენ. ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ ორი გუნდით თამაში შეგვიძლია, ბუფონთან და რონალდუსთან ერთად გუნდი კიდევ უფრო დიდია“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ მასთან გახანგრძივება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არგენტინელისთვის თურმე ჯერ წინადადება არავის შეუთავაზებია.