ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული დაცვის წინ თამაშია. ურუგვაელმა კრიშტიანუ რონალდუზეც გაიხსენა საინტერესო ისტორია.
„მითამაშია ცენტრში მარჯვენა მხარეს, მარცხნივაც, სადაც უფრო მიჭირდა, ორი თავდამსხმელის უკან გამთამაშებლადაც… არავითარი პრობლემა არაა, ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. თუმცა, ჩემთვის იდეალური სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველია დაცვის წინ.
ჩემს პოზიციაზე არანაირი მითითება არ მქონია. ურუგვაიში ჩემი მოდელი ფორლანი იყო, მაგრამ ის თავდამსხმელი გახლდათ. ვსწავლობდი ისეთი ევროპელი ფეხბურთელებისგან, როგორებიც ლამპარდი, ჯერარდი და ბუსკეტსი არიან.
რონალდუ? მას რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდი. მივესალმე და მიპასუხა: „ჩაო როდრიგო“. არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემი სახელი სცოდნოდა. ცოტა ხანში ჩვენ „იუვენტუსში“ თანაგუნდელები გავხდით. ის სამაგალითო ჩემპიონია, გამარჯვების წარმოუდგენელი სურვილი აქვს“, – თქვა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 96 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.