ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩამდე სამი დღე რჩება. იტალიური მედიისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა და ბუნებრივია უკვე მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ შემადგენლობას აირჩევს მასიმილიანო ალეგრი.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „ფროზინონესთან“ ულამაზესი გოლის მიუხედავად, პაულო დიბალა „როხიბლანკოსთან“ შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.
როგორც გამოცემა წერს, მასზე მეტი შანსი ფედერიკო ბერნარდესკისა და ჟოაუ კანსელუს აქვთ. დიახ, ალეგრი პორტუგალიელი მცველის შეტევაში დაყენებაზე ფიქრობს, ხოლო დაცვაში მატია დე შილიოს ან მარტინ კასერესს (მარჯვენა ფლანგზე) ვიხილავთ. თუმცა, ამ დროისთვის, ბერნარდესკის გამოჩენა ძირითად შემადგენლობაში ყველაზე რეალური ვარიანტია.
შეტევაში, კრიშტიანუ რონალდუსა და მარიო მანჯუკიჩზე კითხვები არ არსებობს – ისინი სასტარტოში იქნებიან.
სათადარიგო სკამიდან დაიწყებენ შეხვედრას დანიელე რუგანი და დუგლას კოშტა, რომელთაც ბოლო მატჩი ტრავმების გამო გაუცდათ. ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი კი მზად არიან და შესაბამისად, დაცვის ცენტრს გაამაგრებენ.