ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო გუნდში თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად გრძნობს. ამის შესახებ მატიამ Sky Sport-თან საუბარში განაცხადა.
გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუზე და იტალიის ნაკრების შესახებაც:
„ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ, ისევე როგორც ყველა ამ გასახდელში. ჩვენ ბევრი თამაში გვაქვს სეზონში და ყველას მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს წარმატებაში ჩემი წვლილიც იქნება.
მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ. როდესაც მოედანზე გადიხარ, მნიშნელოვანია, რომ იცოდე რას მოელიან შენგან თანაგუნდელები და მწვრთნელი.
რონალდუ? – არ მისაუბრია მასთან „ოქროს ბურთზე“, რადგან სანაკრებო პაუზიდან მხოლოდ გუშინ დავბრუნდი. ვხედავ როგორ ვარჯიშობს ყოველდღე, ნამდვილი პროფესიონალია და ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს.
ეროვნული ნაკრები? – აშშ-ს დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეროვნული ნაკრებისთვის არ არსებობს ამხანაგური მატჩები, ყვეკა თამაში მნიშვნელოვანია. ბოლო მატჩებით დავამტკიცეთ, რომ ვიზრდებით, თუმცა გოლის გატანა გვიჭირს. საბედნიეროდ, აშშ-სთან ბოლო წუთზე გავიტანეთ. თუმცა, მთავარია, რომ ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება“, – განაცხადა დე შილიომ.