ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა De Telegraaf-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ შეშფოთებული არაა იმ ფაქტით, რომ პირველ ტურში სათადარიგო სკამზე დარჩა.
ჰოლანდიელის განცხადებით, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ტოპ კლუბში გადავიდა და ეს ნორმალური ფაქტია.
„მიკვირს, რომ სოციალურ მედიაში მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ერთი თამაში არ ვითამაშე. მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელიც ევროპის ტოპ კლუბში მოხვდა. სარიმ მითხრა, რომ პირველი ერთი თვე რთული იქნებოდა, ისევე როგორც სხვა მცველებისთვის, ამიტომ შეშფოთებული არ ვარ.
იტალიური ენის კურსებზე დავდივარ კვირაში ხუთი დღე, დღეში საათნახევრიანი გაკვეთილები მაქვს. ჩემს შეყვარებულს კი სამ საათიანი გაკვეთილები აქვს. გვინდა, რომ ადაპტაცია ძალიან მალე გავიაროთ.
სამედიცინო შემოწმებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კბილებიც კი შემიმოწმეს. შეისწავლეს ჩემი ფიზიკური პოტენციალი და პასუხი დადებითი იყო“, – განაცხადა დე ლიხტმა.