ტურინის „იუვენტუსმა“ ბოლო ოთხი თამაში მატიას დე ლიხტის გარეშე ჩაატარა. ჰოლანდიელი „ლაციოსთან“ სერია A-ში მარცხის შემდეგ მოედანზე ერთხელ და ისიც 15 წუთით გამოჩნდა. ისე ჩანს, რომ თითქოს, მაურიციო სარიმ დაცვის არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი ჰოლანდიელში იპოვა. არადა, მის გარეშეც „იუვეს“ უკანა ხაზი ცუდად გამოიყურება და იმავე „ლაციოსთან“ ზუსტად იგივენაირად წააგო, როგორც მაშინ, როცა დე ლიხტი მოედანზე იყო, მერიჰ დემირალი – სკამზე.
Calciomercato-მ სწორედ ამ საკითხს საინტერესო სტატია მიუძღვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ლაციოდან“ „ლაციომდე“, „იუვეში“ რაღაც მოხდა: მაურიციო სარიმ დაცვის ხაზი სრულიად თავდაყირა დააყენა. ეს არის რგოლი, რომელსაც სარი რომში პირველ წაგებამდე პრაქტიკულად არ შეხებია და ცენტრალურ მცველებს გამუდმებით ათამაშებდა (ბონუჩი-დე ლიხტი).
„ლაციოსთან“ წაგების შემდეგ თამაშგარეში დარჩა კუადრადო და ასევე (განსაკუთრებით) მატიას დე ლიხტი. დაცვის ცენტრის მარცხენა მხარეს ლეონარდო ბონუჩი გადავიდა, რამაც სასტარტოში მერიჰ დემირალის ჩასმას შეუწყო ხელი. რევოლუცია, რომელმაც არ შეცვალა გუნდის თამაში დაცვაში, მაგრამ გახსნა საქმე და მრავალი ეჭვი გააჩინა: რა მოუვიდა დე ლიხტს? რატომ გახდა სწორედ ის მსხვერპლი? მხოლოდ ის… რატომ დაკარგა დე ლიხტმა ძირითადში ადგილი, რომელიც დემირალმა დაიკავა?
თავიდან („ლაციოსთან“ პირველი მარცხის შემდეგ პირველივე თამაში) ლევერკუზენში დე ლიხტი განაცხადშიც არ ყოფილა. მიზეზად კუნთების გადაღლილობა დასახელდა, მაგრამ ეს უფრო დასვენება და გამართლებული როტაციაიყო, რადგან ის მატჩი „იუვესთვის“ არაფერს ნიშნავდა. ჰოლანდიელი კი დაღლილი იყო და ტურინში დარჩენით დაისვენა. შემდეგ კი, „უდინეზესთან“ თამაშზე სათადარიგო სკამზე დარჩა. მეორე ტაიმში სარიმ ბონუჩის შეცვლა გადაწყვიტა და დე ლიხტი აქ მეოთხე არჩევანი იყო, მოედანზე დანიელე რუგანი გამოდიოდა, რომელიც ხურდებოდა და სათამაშო ფორმაც ჩაიცვა, თუმცა, ბოლო მომენტში დანიელეს ნაცვლად ბონუჩი დე ლიხტმა შეცვალა. ამას მოჰყვა კიდევ ორი სათადარიგო სკამი „სამპდორიასთან“ და „ლაციოსთან“.
„იუვეს“ სუპერთასზე დემირალის გამო არ წაუგია და მეტიც, დაცვაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მას ჰქონდა, მაგრამ დე ლიხტის ჩამოშორება გულგრილს არ გვტოვებს. ეს არ მოსწონს ფეხბურთელს, მის აგენტ მინო რაიოლას და ალბათ კლუბის ხელმძღვანელობასაც, რომელმაც ჰოლანდიელში 85 მილიონი ევრო გადაიხადა და ხელფასის სახით 12 მილიონს უხდის, რაც მანამდე არ გაუკეთებია კრიშტიანუ რონალდუს თუ არ ჩავთვლით.
თვეების განმავლობაში სარი დე ლიხტს იცავდა კრიტიკისგან და ყოველთვის ათამაშებდა, მაშინაც კი, როდესაც არ იყო საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობაში. საკმარისია გავიხსენოთ ბერგამოში თამაში, როდესაც ტრავმა მიიღო, მაგრამ ბოლომდე ითამაშა. შემდეგ კი, ის გაქრა, სწორედ იმ მომენტში, როცა მატიასმა პროგრესი დაიწყო და ბოლო მატჩები მას მართლაც კარგი ჰქონდა („ატალანტასთან“, „ტორინოსთან“, „მილანთან“, „ატლეტიკოსთან“). ნუთუ, „ლაციოსთან“ პირველი წაგება მხოლოდ დე ლიხტის ბრალი იყო, რომ ჯოხი მხოლოდ მასზე გადატყდა?„