მატიას დე ლიხტის სარეაბილიტაციო პერიოდი შესანიშნავად მიმდინარეობს და ნიდერლანდელი სულ მალე სათამაშოდ მზად იქნება. ის ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს.
დე ლიხტი ანდრეა პირლოსთვის 3-მცველიან ტაქტიკაში დამატებითი დასაყრდენი იქნება. ჯერჯერობით ანდრეა დანილოს, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ენდობა. ბრაზილიელმა სეზონის პირველ-ორ თამაშში 3-მცველიან სქემაში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და ნათელია, რომ პირლოს მისი იმედი ამ როლში უნდა ჰქონდეს.
პარალელურად, მერიჰ დემირალიც კარგ ფორმას იბრუნეს და პრეტენზიას ისიც აცხადებს სასტარტო შემადგენლობაში. დემირალმა ორი დღის წინ თურქეთის ნაკრებში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა და გარდა იმისა, რომ დაცვაში ბრწყინვალე იყო, შეტევაშიც ჩაერთო და საგოლე პასი მიითვალა, რის ხარჯზეც თურქეთი წაგებას გადაურჩა (1:1).
დე ლიხტმა და დემირალმა გასულ სეზონში თავიანთი პოტენციალი დაამტკიცეს. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, ჯორჯო კიელინის კონდიცია და ასაკი, მას რიგ შემთხვევაში დასვენება დასჭირდება.
ფაქტია, მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი ანდრეა პირლოს „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურები უნდა გახდნენ.