ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Goal.com-თან ინტერვიუში ისაუბრა. იტალიელი მაურიციო სარის, მატეის დე ლიხტის, კრიშტიანუ რონალდუსა და ჩემპიონთა ლიგის თემებს შეეხო.
„სარიმ გამაკვირვა ადამიანური და საფეხბურთო ინტელექტით. როდესაც მასთან საუბრობ, ხვდები თუ რატომ მოვიდა „იუვენტუსში“ დიდი მოგზაურობის შემდეგ. მან იცის, როგორ განავითაროს გუნდი. აქ კონტექსტი განსხვავებულია, ზეწოლაც, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ განსხვავებული სტილით თამაშს. ჩვენი თამაში ბევრად შეიცვალა. მაგალითად, დაცვაში მხოლოდ ზონას ვთამაშობთ, ეს ადვილი არაა, მაგრამ რთული სიტუაციები არ მაშინებს.
რონალდუ არაჩვეულებრივი მოთამაშეა, საბრძოლო მანქანაა. მას შემდეგ, რაც ტურინშია, მჯერა, რომ ყველა ვინც ვარჯიშზე უყურებს, რაღაც სწავლობს მისგან და ვითარდება.
„ლიონი“? ჩვენ ფავორიტები ვარ, მაგრამ ეს არ იგებს მატჩებს. საჭიროა მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ. ლიონში გოლის გატანა მნიშვნელოვანი იქნება, რაც საპასუხო მატჩის წინ უკეთეს ვითარებაში ჩაგვაყენებს. თუმცა, ეს არის დიდი სტადიონი შესანიშნავი გულშემატკივრებით. ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც სურთ „იუვეს“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინონ. გარდა ამისა, მწვრთნელი, რომელიც მუშაობდა იტალიაში და იცის, როგორც მოამზადოს გუნდი ასეთი მატჩისთვის.
2015 წელს, „ბარსელონასთან“ წაგებული ფინალი ყველაზე მეტად დასანანია, რადგან მორატას გოლის შემდეგ ვფიქრობდით, რომ მოვიგებდით. შეცდომა იყო „რეალთან“ იმაზე ფიქრიც, რომ მეტი არ შეგვეძლო, როდესაც პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შევუქმენით.
დე ლიხტი? ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. გაუჭირდა, რადგან კიელინის ტრავმის შემდეგ თავიდანვე მოუწია ახალ გარემოში თამაში, მაგრამ ყველაფერი აქვს, რომ მომდევნო წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს“, – თქვა ბონუჩიმ.