ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის „ატლეტიკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩი ახლდა, რომელმაც მოახლოებულ თამაშზე და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტესტია, როგორც ყოველთვის ხდება ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მოგზაურობის დასაწყისში ვართ ენთუზიაზმით და ენერგიით. ეს თამაში ბრძოლა იქნება, რადგან „ატლეტიკო“ სახლში უფრო ძლიერია, ყოველთვის უფრო მეტად იხარჯება. ჩვენ კი მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ პირველიდან ბოლო წუთამდე და ვეცდებით, მწვრთნელის იდეები პრაქტიკაში გამოვიყენოთ.
დე ლიხტთან და სხვა თანაგუნდელებთანაც კარგად ვგრძნობ თავს მოედანზე. მატიასი ახალგაზრდაა და ჯერ ადაპტაცია უნდა გააიროს, მაგრამ აქვს თვისებები, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. როდესაც 2010 წელს „იუვენტუსში“ მოვხვდი, პრობლემები მქონდა, სირთულეები იყო, მაგრამ უპირატესობა მქონდა, რადგან ვიცნობდი იტალიის ჩემპიონატს, თანაგუნდელებს, ვიცოდი იტალიური ენა. ის კი, სრულიად ახალ გარემოშია, ახალ კულტურას ეცნობა, მაგრამ მე დიდი ნდობა მაქვს მისდამი და მჯერა, რომ დემირალთან და რუგანისთან ერთად „იუვენტუსის“ დაცვის ხაზის მომავალია.
გასახდელში მშვენიერი კლიმატია, ყველა ერთიანი ვართ. მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ემრეჯანს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, ვარჯიშობდა და ეს მიუთითებს პროფესიონალიზმზე და სერიოზულობაზე.
სკუდეტოს ჩემპიონთა ლიგაზე თუ გავცვლიდი? როდესაც ეს მაისური გაცვია, არ შეიძლება აირჩიო ერთი ტურნირი, მაგრამ მიზანი ყოველთვის ყველაფრის მოგებაა. ასე, რომ არაფერს გავცვლიდი“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.