ლეონარდო ბონუჩიმ დღეს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბონუჩიმ JTV-სთან ისაუბრა:
„ეს ისტორიული, დაუვიწყარი და ჩემთვის საოცნებო დღეა. კიდევ ერთხელ კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია და ვხედავდი, რომ იგივე სურვილი ჰქონდა პრეზიდენტს, პარატიჩის, ნედვედს, ქომაგებს, თანაგუნდლებს. როგორც აქამდე მითქვამს, „იუვენტუსი“ ჩემი სახლია და ეს ხელმოწერა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მაინტერესებს ეს მაისური და რამდენს ნიშნავს ჩემთვის „იუვენტუსი“ ყოველწლიურად.
დიახ, ახლა კარგ ფორმაში ვარ და კარგი პერიოდი მაქვს. ეს იმ პასუხისმგებლობის დამსახურებაცაა, რომელიც კიელინის ტრავმის შემდეგ დამეკისრა. მივხვდი, რომ უფრო მეტი იყო საჭირო. ჩემი მიზანია განვითარება და თუ რომელიმე სეზონს უნდა შევადარო ეს სეზონი, მაშინ ვიტყოდი 2016-2017 წლების სეზონს. მსოფლიოს ტოპ 11 ფეხბურთელის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. იმ წელს ფიზიკურად და მენტალურად ძალიან კარგად ვიყავი, ახლაც იგივე ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, სეზონი გრძელია, მხოლოდ 19 ნოემბერია და გვინდა მაისის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყოთ. ეს ჩვენი მიზანია.
„იუვენტუსში“ გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულს ნიშნავს. დღეს 19 ნოემბერის, ჩემი ნომერია 19-ია, ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, შესაბამისად, ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება.
გოლი? ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს. იმედია „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვან გოლებს გავიტან. კარიერის ბოლოს კმაყოფილი ვიქნები თუ ყველა ტიტული მექნება მოგებული“, – თქვა ბონუჩიმ.
ბონუჩის „იუვენტუსში“ 376 თამაში აქვს ჩატარებული, 23 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიპოვა.