იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში „იუვენტუსი“ რომში „ლაციოს“ ესტუმრა და 2 ქულა დაკარგა. ანდრეა პირლოს გუნდს 3 ქულა პრაქტიკულად ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამზე გაუშვა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება.
„იუვენტუსი“ მთელი თამაში აკონტროლებდა სიტუაციას. მე-15 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ხუან კუადრადოს პასით ანგარიში გახსნა კიდეც. პირველი ტაიმის მიწურულს პორტუგალიელი დუბთან იყო ახლოს, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა. მეორე ნახევარშიც განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და საქმე მშვიდი გამარჯვებისკენ მიდიოდა.
მაგრამ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 1:0 საიმედო ანგარიში არ არის. მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა და ბოლო წამები მიმდინარეობდა, როდესაც ტურინელთა კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა და გოლიც გავიდა. ფელიპე კაისედოს ლეონარდო ბონუჩიმ ხელი ვერ შეუშალა და სიმონე ინძაგის გუნდი წაგებას გადაურჩა.
გოლის შემდეგ თამაში არ განახლებულა, მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა… ორმაგად გულდასაწყვეტია მნიშვნელოვანი ორი ქულის ასე განიავება, მაგრამ ალბათ ტურინელები ამას გაკვეთილად გამოიყენებენ. „იუვენტუსს“ 7 თამაშში მხოლოდ 13 ქულა აქვს მოპოვებული.
„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“
„ლაციო“ (3-5-2): რეინა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ (ჰუდტი 54); მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი (აკპა-აკპრო 77), ლუის ალბერტო (პერეირა 77), ფარესი (ლაძარი 54); მურიქი (კაისედო 54), კორეა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, დანილო; კულუშევსკი (მაკკენი 76), ბენტანკური, რაბიო, ფრაბოტა; მორატა (ბერნარდესკი 88), რონალდუ (დიბალა 76)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლი: 0:1 რონალდუ (15), 1:1 კაისედო (90)
გაფრთხილება: კატალდი (45), აკპა-აკპრო (78) – ბენტანკური (51), კუადრადო (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: დავიდე მასა