ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია არ გამართა, რისი მიზეზიც კორონავირუსის რისკია, მაგრამ „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ნამდვილად კარგ და საინტერესო თამაშს ველოდები, რადგან ამ გუნდებს შორის ყოველთვის ასეა. ამავდროულად რთული თამაში იქნება შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო წლებში დაამტკიცა თავისი ძალა.
მათ წინააღმდეგ თამაში 3-5-2 სქემით წარმოგვიდგენია, ისინი კონტრშეტევებზე ძალიან კარგები არიან, რადგან კარგად კეტავენ სივრცეებს და შემდემ ორი თავდამსხმელით და მილინკოვიჩ-სავიჩით შეტევაში გადადიან. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და მცირე ტექნიკური შეცდომები დავუშვათ, რომ მათ კონტრშეტევების საშუალება არ მივცეთ.
ბოლო ორი თამაშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის თამაში და ნახევარმცველებისგან შექმნილი თამაში. ეს არის ყველაზე პოზიტიური, რაც ბოლო ორ თამაშში დავინახე. უნდა მოვუმატოთ, ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ სწორ გზაზე ვართ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ – „იუვენტუსის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.