ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ განაცხადა, რომ ეს სეზონი მისთვის საუკეთესა. ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა „ფიორენტინასთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დასრულებაზე.
„ამბიციურები ვართ, მაგრამ ეტაპობრივად უნდა ვიფიქროთ. კრიშტიანუ? „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, გამარჯვების წარმოუდგენელი შიმშილი ახასიათებს, სწორედ ესაა განსხვავება.
ახლა მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, „იანგ ბოიზთან“ მატჩს კონცენტრირებულნი უნდა შევხვდეთ. მაგრამ მნიშვენლოვანი იქნება რა მოხდება მეორე შეხვედრაშიც.
თუმცა, ამჟამად მხოლოდ „ფიორენტინასთან“ მატჩზე ვფიქრობთ. ძლიერი გუნდია და რთული თამაში გველოდება. განსაკუთრებით სახიფათოა საკუთარ მოედანზე და ისიც ვიცით, რომ ამ გუნდებს შორის არსებული დაპირისპირება არსებობს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა და უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით.
ეს ჩემთვის საუკეთესო წელია. მოვიგე გუნდთან ერთად ტიტულები, გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ეს ჩემი ოცნება იყო. ტურინში გავიზარდე, აქ მოსვლის დღიდან დღემდე მივხვდი, რომ მეტიც შემიძლია“, – განაცხადა მატუიდიმ.