ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც იტალიის ნაკრებში ემზადება, პრეკოსნფერენციაზე ისაუბრა.
ფედერიკომ ისაუბრა, როგორც იტალიის ნაკრების, ისე კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებაც.
„ამ გუნდში ძალიან ბევრი ტალანტია, ფეხბურთელები, რომელთაც ველოდებოდით. ისინი უნდა გაიზარდნონ და ახლავე არ უნდა შევაფასოთ. როდესაც ახლგაზრდა ხარ, დრო უნდა მოგეცეს პროგრესისთვის. მართალია, ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ცოტა გოლი გაგვაქვს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ უმჯობესია შექმნა მომენტები და ვერ გაიტანო, ვიდრე არც შექმნა საგოლე შანსი და შესაბამისად, ვერც გაიტანო. გვინდა უფრო მეტი გოლის გატანა და ამაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობთ. ზეწოლა? რა თქმა უნდა არის, რადგან ვიცით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ბევრს ნიშნავს.
რონალდუს დისკვალიფიკაცია? – ჩემი აზრით, ეს თემა არარეალურია. დისკვალიფიკაციაზე საუბარი სიგიჟეა, ეს იყო გოლის აღნიშვნა, ჟესტი და მჯერა, რომ ყველაფერი დაიხურება. კრიშტიანუ ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც ეს ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში დაამტკიცა. საკმარისია, შევხედოთ რას აკეთებს მოედანზე და რას გვაძლევს თავისი ქარიზმითა და ჩემპიონის კალიბრით. თუ თვალებში ჩავხედავთ, მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.