ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ Goal.com-თან ინტერვიუში ტურინში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მაროკოელმა კრიშტიანუ რონალდუს, მასიმილიანო ალეგრის, ტურინისა და ზოგადად „იუვენტუსში“ გატარებულ თავგადასავალზე ისაუბრა.
„რონალდუ აბსოლუტურად პირველი ნომერია, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანია. ის ძალიან გონიერია, მისი ტვინი ყოველთვის სხვებზე სწრაფია. ბენდიერი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ, ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან უბრალოდ უსასრულო ადამიანია.
ალეგრი? შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია. მე მასთან და არც არც სხვა ვინმესთან პრობლემა არ მქონია. მაგრამ მან პირობა დადო, რომელიც არ შეასრულა. აშშ-ში შეკრებაზე მითხრა, რომ კიელინისთან ერთად ძირითადის მცველი მე ვიქნებოდი და ბონუჩის სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად უნდა ებრძოლა. ლეო ჩემპიონია, მაგრამ ველოდი, რომ ძირითადში თამაშს მე დავიწყებდი. მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. იტალიის თასის ფინალში დუბლი შევასრულე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობდით, ამის შემდეგ კი ოთხმა თამაშმა ისე ჩაიარა, ერთი წუთიც არ მითამაშია. ამის შემდეგ ალეგრის ვუთხარი, რომ მე „იუვეში“ არ ვითამაშებდი მანამ, სანამ მწვრთნელი ის იქნებოდა. მიუხედავად ამისა, კლუბთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხთან მუშაობის საშუალება მქონდა.
მენატრება თუ არა ტურინი? ძალიან, ჩემს ოჯახსაც. განსაკუთრებით ჩემს შვილებს, რომლებიც მთხოვენ ტურინში დაბრუნებას, სადაც მეგობარი ჰყავთ. თუმცა, მე ასეთი არჩევანი გავაკეთე ჩემი კარიერისთვის, იტალიასთან კი თავს ძალიან ახლოს ვგრძნობ, რადგან ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს. სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაში ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იტალია ფეხზე ისევ დადგება, რადგან ძლიერი და ერთიანი ერია“, – თქვა ბენატიამ.
შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია „იუვენტუსში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა.