ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ Sky Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინი საუკეთესოა.
გარდა ამისა, მაროკოელმა „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი:
„იტალიის ჩემპიონატის დონე ძალიან გაუმჯობესდა 3-4 წლის წინანდელთან შედარებით. სიმართლე არაა, რომ ეს ადვილი ჩემპიონატია. „იუვე“ ყველაზე ძლიერია, შარშან ბოლომდე ვიბრძოლეთ, რადგან „ნაპოლიც“ შესანიშნავად თამაშობდა. „იუვეს“ სიძლიერე იმაშია, რომ არასდროს ცდება, ყოველთვის ერთი გრძნობით თამაშობს, მნიშვნელობა არ აქვს „ფროზინონეს“ ეთამაშება, „ნაპოლის“ თუ „რეალს“.
ჩემი აზრით, შარშან „ნაპოლი“ გაცილებით კარგად თამაშობდა, ვიდრე „იუვე“, მაგრამ ჩვენ უფრო კონცენტრირებულნი ვიყავით. ძალიან ბევრი თამაში იყო ისეთი, როდესაც გოლს საერთოდ არ ვუშვებდით. როგორც ალეგრიმ თქვა, პირველ და მეორე ადგილს შორის დიდი სხვაობაა, რადგან ეს „იუვენტუსია“.
საუკეთესო მცველი? – დაცვით ფუნქციებში კიელინის ვერავინ შეედრება. ეს მანამდეც ვიცოდი, სანამ მის გვერდით ვითამაშებდი, მაგრამ შემდეგ ვარჯიშებზე ყოველდღე ვუყურებდი როგორ იცავდა კიელო თავს, მას არავინ სჯობს“, – განაცხადა ბენატიამ.