ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან ტურინში გატარებული პერიოდი გაიხსენა, სამი საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა და ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეა პირლოს სამწვრთნელო ნაბიჯებზე.
„პირლო როგორი ღვინოა? როგორც მოთამაშე დიდი ფრანგული ღვინო ბორდოდან, სადაც შესანიშნავი ღვინოები მზადდება. პირლო საოცარი ფეხბურთელი იყო. როგორც მწვრთნელი არ ვიცი. მან ახალხან დაიწყო და საქმეს გააკეთებს. ის ჭკვიანურად მუშაობს, იმედია კარგად გამოუვა ყველაფერი. ანდრეა ალბათ, ყველაზე მეტად შესაშური მწვრთნელია. ვიცოდი, რომ მას მწვრთნელობა სურდა, ყველას თავისი გზა აქვს და მის გზასაც დავინხავთ. კიელინი როგორი ღვინოა? ძლიერი, ამარონე.
ბონუჩისთან, კიელინისთან და ბუფონთან ჩათი? ადრე გვქონდა, ახლა უფრო პირადად ვესაუბრებით ერთმანეთს. როდესაც ჯიჯის მისწერ, პასუხს ერთი კვირის შემდეგ დაგიბრუნებს. 10 წლის განმავლობაში ბევრი ისტორია დაგროვდა, ზოგის მოყოლა შეიძლება, ზოგის არა. მე ბუფონი და კიელინი ძველი თაობა ვართ და უფრო სერიოზულები ვიყავით. ერთხელ მაგიდასთან ბევრი იტალიელი ვისხედით, უცხოელებიც იყვნენ. შემდეგ სამხრეთამერიკელები მოვიდნენ და ყველა ესპანურად საუბრობდა, ვერაფერს ვიგებდი.
ტევესი? ის იყო ერთ-ერთი ყველაზე თავდაჯერებული ფეხბურთელი „იუვენტუსში“ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ის ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში ამბობდა თავის სიტყვას, როგორც დიდი ფეხბურთელები. ფენომენი იყო.
ყველაზე მეტად რომელ თავდამსხმელთან მიჭირდა თამაში? რონალდუს ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის გოლი გაჰქონდა და შესაბამისად, ყველაზე ძნელი მის წინააღმდეგ იყო. ასევე დროგბაც, რომელსაც ბუნებრივი ძალა ჰქონდა. რონალდუ? ის ყველა დროის საუკეთესო ფინიშერია, გოლებს ყველა სტილში იტანს. რეკორდი ყველაფერზე მეტყველებს. მისი შიმშილი წარმოუდგენელია.
მახსოვს მატჩი პორტუში, პიაცას გოლი ძალიან მნიშვნელოანი იყო, მაგრამ ასევე დანი ალვეშისაც, რომელმაც დახურა კვალიფიცირების საკითხი. ეს იყო ძალიან ცხელი სტადიონი და „პორტუს“ საინტერესო ფეხბურთელები ჰყავდა.
ტოპ 3 თანაგუნდელი „იუვეში“? პირლო – ის ბოლო 20 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, ბუფონი, რადგან ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მიმაჩნია. მესამეს რაც შეეხება, ორს ერთად ავირჩევ – დელ პიერო და ტევესი. ისინი სხვა კატეგორიის ფეხბურთელები იყვნენ.
სიმონე პადოინი? ის სასტუმროს ნომერში ჩემი თანამოსახლე და „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთამაშე იყო. ყოველთვის მზად იყო და სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდა. ყოველთვის პოზიტიური, მუდმივად იცინოდა“, – თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და 281 მატჩში 2 გოლი გაიტანა.