ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგა მისი გუნდის მიზანია.
პირლომ პაულო დიბალასა და ლეონარდო ბონუჩის მოედანზე გასვლა გამორიცხა, ორივე ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია და შესაბამისად, ტურინელთა დანაკლისმა უფრო სერიოზული სახე მიიღო, რადგან არტური და ხუან კუადრადოც ვერ ითამაშებენ.
„ყველა ფეხბურთელი გამოვიძახე და ყველა ერთად ვიმოგზაურებთ, მაგრამ ლეოს კიდევ ერთი პატარა პრობლემა აქვს და არ იქნება ხელმისაწვდომი, ისევე როგორც დიბალა.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, გამიმართლა, რომ ბევრი თამში ჩავატარე და ჩემპიონტთან სხვაობა დიდია. ბევრს გუნდს სურს და შეუძლია ამ ტურნირის მოგება, მაგრამ ეს დამოკიდებულია რამდენად მზად ხარ გადამწყვეტ მომენტებში ფიზიკურად და მენტალურად. ჩვენ სხვა გუნდების დონეზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ გუნდს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველა თამაშობს ამ ოცნებისთვის. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია, ასევე ოცნებაც, რადგან როგორც ვთქვი, ბევრს სურს და შეუძლია მოგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალიან გვჯეროდეს. ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია? არა. ჩვენ სეზონის ვიწყებთ ყველა ტურნირის მოსაგებად, ახლა სეზონის შუაში ვართ, მოვიგეთ იტალიის სუპერთასი და დანარჩენ სამ ტურნირში ბრძოლას ვაგრძელებთ. შაბათს კარგი თამაში გვქონდა, მხოლოდ შედეგი დაგვაკლდა და შეშფოთებული არ ვართ. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული არომატი აქვს. მერვედფინალში ადრენალინი იმდენად იზრდება, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. სამწუხაროდ თამაში არ შემიძლია, რადგან მინდა ბიჭების დახმარება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მაღალ დონზე ასასვლელად. ერთი კვირის წინ იტალიის თასზე „ინტერთან“ ვითამაშეთ პლეი-ოფი და ეს გამოცდილება დავეხმარება.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკეთ თამაში და უფრო მეტი მომენტის შექმნა, რომ უფრო მეტმა ფეხბურთელმა გაიტანოს გოლი. ცხადია, გვაკლია დიბალას გოლები, რომელიც იმედია მალე დაგვიბრუნდება. რასაკვირველია მორატა საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ვიცნობთ და ვიცოდით, რადგან მსგავსი რამ სეზონის განმავლობასი ხდება. ბოლო პერიოდში მას კუნთის პრობლემა ჰქონდა, შემდეგ გაციებული იყო და ამან იმოქმედა. მას გოლის გატანა სჭირდება გახსნისთვის. ისიც და კულუშევსკიც კარგად არიან და ხვალ შევაფასებთ, რომელი მათგანი ითამაშებს.
რონალდუ პორტუგალიაში დაბრუნდა და კიდევ უფრო მეტი სურვილი ექნება გოლის გასატანად. მას პლეი-ოფში ყოველთვის განსაკუთრებული ადრენალინი აქვს. „პორტუ“ თავს ძალიან კარგად იცავს, ძალიან კომპაქტურად. ცოტათი „ატლეტიკოს“ მაგონებს, მათ აქვთ ორი ხაზი და კონტრშეტევებზე ძლიერები არიან. გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგებიც და შეუძლიათ ტაქტიკური სქემის ვარირება. კონცენტრირებული და მაღალი ხარისხის თამაშის ჩატარება მოგვიწევს, შეცდომებსი გარეშე, რადგან შეუძლიათ ამით ისარგებლონ. ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა მეთოდით თამაშს, ყოველთვის ბურთის ფლობა ვერ გვექნება და ზოგჯერ თავის დაცვაც გვიწევს. კოსნეისაოს წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, შესანიშნავი მოგონებები მაქვს, რადგან დიდებული ფეხბურთელი იყო, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი. კლასიკური პორტუგალიელი ფლანგის მოთამაშე იყო, როგორც ფიგუ და სიმაო. ახლა მწვრთნელადაც ძალიან კარგად მუშაობს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „პორტუსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.