მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკო” მიმდინარე სეზონში

“ატლეტიკო” მიმდინარე სეზონში

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. ახლა სწორედ „როხიბლანკოს“ შესახებ ვისაუბრებთ და მიმდინარე სეზონში გუნდის განვლილ გზას გაგაცნობთ.

ლა ლიგა

„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის. 16 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს, „სევილიასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ „ბარსელონას“ სამი ქულით ჩამორჩება.

8 მოგება, 7 ფრე და ერთადერთი მარცხი. გარდა ამისა, მხოლოდ 12 გაშვებული გოლი და ამ შედეგით ესპანეთში საუკეთესოა. გაიტანა 24 გოლი, აქედან 6 ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მადრიდელები განსაკუთრებით ძლიერად საკუთარ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ თამაშობენ: 8 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, 15:4-ზე ბურთების ბალანსი. სტუმრად თამაში ჯერჯერობით საკმაოდ უჭირს: 2 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება, 9:8-ზე ბურთების ბალანსი.

ლა ლიგის ბოლო ტურში დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად „ვალიადოლიდი“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. პირველ ტაიმში ნიკოლა კალინიჩმა და ანტუან გრიზმანმა ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს თავის გუნდს, მაგრამ 63-ე წუთისთვის „ვალიადოლიდმა“ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გრიზმანმა გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკო“ A ჯგუფში „დორტმუნდთან“, „ბრიუგესთან“ და „მონაკოსთან“ თამაშობდა. 13 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და „დორტმუნდს“ მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩა. ესპანელებმა გერმანელებს შინ 2:0 აჯობეს, მაგრამ მანამდე სტუმრად 0:4 განადგურდნენ. გარდა ამისა, სტუმრად ვერ მოუგეს „ბრიუგეს“ (0:0) ბოლო ტურში და სწორედ ამიტომ გავიდნენ მეორე ადგილზე.

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ აქამდე შვიდჯერ შეხვედრლან და ტურინელთა მხარესაა უპირატესობა: 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 10:7-ზე ბურთების ბალანსი. ბოლო ორი დაპირისპირება კი 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შედგა. მადრიდში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ტურინში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ მაშინ „იუვეს“ წინააღმდეგ თამაშობდა მარიო მანჯუკიჩი…

აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკო“ „იუვენტუსს“ 20 თებერვალს, ხოლო „იუვე“ „ატლეტიკოს“ 12 მარტს უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …