2011 წლის თებერვალი, პირველად ერთად. ჯიჯი დელ ნერის „იუვენტუსი“ პალერმოში დამარცხდა, ზედიზედ მესამედ „რენცო ბარბერას“ სტადიონზე. ეს იყო ბარძალი-კიელინის არცთუ სამახსოვრო დებიუტი. 8 წლის შემდეგ კი, ჩანს, რამდენად შორს წავიდნენ. ჯოჯოხეთიდან საზეიმო მაისურამდე.
ისინი ამ „იუვენტუსში“ ერთადერთები არიან, რომლებმაც მიჯრით 8 სკუდეტო მოიგეს და გაუთანაბრდნენ ჯოვანი ფერარის, ვირჯინიო როზეტასა და ჯუზეპე ფურინოს. მათზე წინ კი, ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანია, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონი ჰქვია – ჯიჯიმ „იუვენტუსში“ 9 სკუდეტო მოიგო და ეს რეკორდია. პარიზიდან მან ყოფილ თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა. მან კარგად იცის, რამდენად რთული იყო აღორძინება.
რვა წლის წინ სხვა „იუენტუსი“ არსებობდა. არ არსებობდა „სთედიუმი“ და ახალი ლოგო. რონალდუ „რეალში“ თამაშობდა, დიბალა „ინსტიტუტოში“ 4 ათას პესოს გამოიმუშავებდა. ალეგრი „მილანში“ თავის პირველ სკუდეტოს იგებდა, ახლა კი ექვსი აქვს და ჯოვანი ტრაპატონის რეკორდთან ერთადერთი ჩემპიონობა აშორებს.
კიელინი გუნდის კაპიტანია, რადგან მისი ტურინული ოდისეა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ გუნდს სერია B-ში დააქვეითებდნენ. ერთი წლით ადრე „ფიორენტინაში“ იჯარით თამაშის შემდეგ დაბრუნდა. დებიუტი „მესინასთან“ ჰქონდა, როდესაც ნედვედი შეცვალა, ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი. ფაბიო კაპელო საწყის ეტაპზე დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, მერე კი, დიდიე დეშამმა ნიკოლა ლეგროტალიეს დაცვის ცენტრში შეუწყვილა.
ორი მეშვიდე ადგილის სიმწარე და ლიდერიც მაშინ იბადება, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ბნელია. ანტონიო კონტესთან ერთად მოგებული სკუდეტოს სეზონი მისთვის ტურინში მეშვიდე იყო, სწორედ ამიტომ ტრიესტეში ზეიმის დროს ის ყველაზე ბედნიერი იყო.
2016 წელი, მეხუთე სკუდეტოს წელი და წელი, როდესაც პირველი ტროფეი აღმართა კაპიტნის რანგში (იტალიის თასი) და წელი, როდესაც მესამე თამაში ჩაატარა. მომდევნო წელს იყო „ატალანტასთან“ მე-400 მატჩი, ხოლო „ატლეტიკოსთან“ დაუვიწყარ საღამოს მე-500 თამაში და ახლა „იუვენტუსი“ მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით ხუთეულშია. ბავშვობაში კობი ბრაიანტის „ლეიკერსის“ ქომაგი იყო და მერე ეკონომიკის მაგისტრიც გახდა. ის „კინგ კონგია“, რომელმაც 20-ზე მეტი ტრავმა გადაიტანა კარიერაში, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია.
ანდრეა ბარძალი კი ცოტა უფრო ხანდაზმულია და პრობლემური სეზონი ჰქონდა, ხშირი ტრავმებით. ის კარიერას ასრულებს და ხურავს ცხოვრების ულამაზეს გვერდს. ერთი წლის წინ პირველი იყო, რომელიც გაცილების მატჩში ბუფონს ჩაეხუტა, ახლა იგივეს მის გამო თანაგუნდელები გააკეთებენ.
ტურინში მოხვდა ფელიქს მაგათის „ვოლფსბურგიდან“, მსოფლიოს ჩემპიონი. ნამდვილი ბარძალი სწორედ ბერლინში ტრიუმფის შემდეგ დაიბადა და „იუვენტუსში“ სიმშვიდე იპოვა. ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა. გახდა კამილას მამა, იქორწინა მადალენაზე. პირველი სკუდეტოს შემდეგ კი არ უნდოდა შვებულებაში წასვლა, რადგან მაშინვე სურდა მეორეც მოეგო.
მან ტკივილიც განიცადა. მაგალითად 2014 წელს, როდესაც მძიმე ტრავმა ჰქონდა ოპერაცია გაიკეთა. ანდრეა და ჯორჯო ათასი ბრძოლის კომპანიონები არიან მოედნის შუა წერტილში. კურვა სუდისა და ისტორიული რეკორდის მიმართულებით…