ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი არ იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დროს მაურიციო სარის მიმართ გამოითქვა. საკის განცხადებით, „იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ პირველ ტაიმში სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა და გუნდი სწორი მიმართულებით მიდის.
„ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ევროპაში დამარცხდა დიდებულ ფორმაში მყოფ გუნდთან. სარის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, ისე როგორც არასდროს მიმდინარე სეზონში. ბურთს შესანიშნავად აკონტროლებდა, ჰარმონიულად თამაშობდა, რიტმი მაღალი ჰქონდა, პრესინგიც ორგანული იყო. საწყისი 30-35 წუთი არ უნდა დაგვავიწყდეს.
მე არ ვიზიარებ მწვავე კრიტიკას, რომელიც სარისა და მისი ფეხბურთელების მიმართაა. პირველ ტაიმში დაწყებული გზა, შესაძლოა სწორედ ის გზა იყოს, რომელიც „იუვენტუსს“ ევროპაში გამარჯვებამდე მიიყვანს. ახლა ფუნდამენტურია, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი მწვრთნელი დაიცვან და მისი იდეები გაიგონ. ევროპულ ასპარეზზე გუნდური ორგანიზაცია გადამწყვეტია“, – თქვა საკიმ.