ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და ლეონარდო ბონუჩის შესახებაც იხუმრა.
„მცირეოდენი ცრურწმენით წარმოვიდგინე ბონუჩი ტაბურეტზე იჯდა…ხუმრობის გარეშე კი, შარშან გვეგონა, რომ კარგი წილისყრა გვქონდა („ლიონი“), მაგრამ ამის ნაცვლად ტურნირს გამოვეთიშეთ. ამ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, „პორტუ“ ძლიერი მოწინააღმდეგეა“, – თქვა ანიელიმ.
ანიელიმ ბონუჩისთან მიმართებაში იმიტომ იხუმრა, რომ 2017 წელს, პორტუგალიაში გასამართი მატჩის წინ ბონუჩის მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი მოუვიდა და მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. პოპულარული იყო ფოტო, როდესაც „დრაგაუს“ სტადიონის ვიპ ლოჟაში ბონუჩისთვის ადგილი ვერ მოიძებნდა და დამატებით განთავსებულ ტაბურეტზე იჯდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „პორტუს“ 17 თებერვალს ესტუმრება, ხოლო ტურინში 9 მარტს უმასპინძლებს.