ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაში უნდა ისწავლოს.
„პირველი ტაიმის მართვა კარგად მოვახერხეთ და შეგვეძლო თამაში დაგვეხურა, მაგრამ მომენტები კარგად მაინც ვერ გამოვიყენეთ. გოლი იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ დანიშნული კუთხური სწრაფად გავათამაშეთ. ბოლოს ვინერვიულეთ და ნაკლებად ვითაშეთ ცივსისხლიანად. უნდა ვიმუშავოთ და განვითარება გავაგრძელოთ. როდესაც გამოცდილი მოთამაშეები გვაკლდება, ამას ვგრძნობთ.
რონალდუ? ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა მცირე პრობლემა. გადავწყვიტეთ, რომ მისთვის სწორი იყო ენერგიის აღდგენა და დასვენება. სხვა თამაშებში სხვები დაისვენებენ. ცხადია სამწუხაროა, მაგრამ მის გარეშე თამაში უნდა შეგვეძლოს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სხვა გუნდები, სადაც რონალდუ თამაშობდა, მასზე დამოკიდებულნი არ იყვნენ. ის მოქმედებების, გოლების კატალიზატორია და ნორმალურია, რომ როდესაც მოთამაშე ძალიან ძლიერია, განვითარება მასზე მყარდება.
ვცდილობთ ვითამაშოთ ორი გარემარბით, ერთი შემტევით და ერთი ნაკლებად შემტევით. გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვახერხებთ თუ თამაში გახსნილია, მაგრამ სხვა მეთოდით გამარჯვებაც უნდა ვისწავლოთ.
კულუშევსკი? ახალგაზრდაა, არ შეუძლია ყველა თამაში ითამაშოს, რადგან ყოველ მესამე დღეს მატჩი გვაქვს. მან ნაკრებში ითამაშა, თამაშობს „იუვენტუსში“ და გავიხსენოთ, რომ „პარმადან“ შემოგვიერთდა, სადაც თამაში იგივე არ არის, რაც „იუვეში“. ბურთის წონა განსხვავებულია „იუვესა“ და „პარმაში“ თამაშის დროს, ამიტომ, მისი სათამასო დროის მართვა უნდა მოხდეს. შეუძლებელია მას ყველა შეხვედრაში თამაში ვაიძულოთ, რადგან დაიღალა და პასუხისმგებლობაც სხვაა. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მასზე აქცენტს ვაკეთებთ. ჩემზე ზეწოლა? მე არ ვარ ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგი. ეს ჩემი სამუშაოა და მე ეს მომწონს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მხოლოდ 17 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“ გამართავს.