ანდრეა პირლოსა და „იუვენტუსის“ არასტაბილურობა გრძელდება. ტურინული გუნდი ქულებს ქულებზე კარგავს და ეს სეზონს ბოლოს აუცილებლად იჩენს თავს. ფაქტია, სერია A-ს 9 ტურში 5 ფრე „იუვესთვის“ ძალიან ბევრი და უფრო მეტიც, ძალიან ცუდი შედეგია.
ტურინელებმა მეცხრე ტურში სტუმრად „ბენევენტოს“ ვერ მოუგეს. კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაში „იუვეს“ გაუჭირდა, ისე, როგორც აქამდე უჭირდა მიმდინარე სეზონში. არადა, „იუვენტუსმა“ კარგად დაიწყო და 21-ე წუთზე ფედერიკო კიეზას შესანიშნავი პასით ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა. ესპანელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია, განხსვავებით პაულო დიბალასგან, რომელსაც მალე მართებდა მეორე გოლის გატანა, მაგრამ ააცილა.
„იუვენტუსმა“ ტაიმის ბოლოს გაუშვა. ჯერ ვოიცეხ შჩესნიმ საოცარი სეივით იხსნა გუნდი, მაგრამ მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე ლეტიციამ მაინც გაათანაბრა. მეორე ტაიმში „იუვე“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ბურთის კონტროლში აისახა. სახიფათო მომენტების შექმნა ისევ პრობლემა იყო. ყველაზე კარგი შანსი დიბალას ჰქონდა, რომელსაც მეკარემ აჯობა და „იუვენტუსმა“ ორი ქულა ისევ დაკარგა.
საინტერესოა, როდემდე აპირებს პირლოს გუნდი ქულების პანტა-პუნტით განიავებას, რადგან რაც დრო გავა და რაც მეტ ქულას დაკარგავს, სატურნირო ცხრილში ეს უფრო გამოჩნდება. საგანგაშოა გუნდის თამაშის ხარისხიც, რაც კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს და ნათლად ჩანს, რომ „იუვენტუსს“ ბევრი პრობლემა აქვს.
„ბენევენტო“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1)
ბენევენტო, „ჩირო ვიგორიტო“
„ბენევენტო“ (4-2-3-1): მონტიპო; ლეტიცია, გლიკი, კალდიროლა (მაჯო 33, ინსინიე 60), ბარბა; ჰეტემაი, შიატარელა, იონიცა (ტელო 71); იმპორტა; კაპრარი (ტუია 72); ლაპადულა (საუ 72)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, დანილო, ფრაბოტა; კიეზა (ბერნარდესკი 69), არტური (ბენტანკური 62), რაბიო; რემზი (კულუშევსკი 62); დიბალა, მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 მორატა (21), 1:1 ლეტიცია (45)
გაფრთხილება: მაჯო (59), შიატარელა (82), გლიკი (87) – კუადრადო (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 15 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 2:5
მსაჯი: ფაბრიციო პასკუა