ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კიევის „დინამოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ალექს სანდრო ახლდა და ბრაზილიელმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ და ვიზრდებით. აქ, ასეა, როდესაც ერთ თამაშს ვერ იგებ, ყველა ლაპარაკს იწყებს. როცა ვერ იმარჯვებ, „იუვენტუსისთვის“ პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ამ საუბარს მიჩვეულები ვართ.
ჩვენი მენტალიტეტი ყოველთვის ერთნაირია, ბევრ მოთამაშე კარგად ესმის რა უნდა მწვრთნელს და ვიცით, რომ უნდა გავაუმჯობესოთ. ხვალ მინდა კარგად ვითამაშოთ, დიდი კონცენტრაცია, ბურთის ფლობა დაგვჭირდება, მაგრამ ბურთის გარეშეც კარგად უნდა ვიმუშაოთ.
გუნდში მნიშვნელოვანია გამოცდილი ფეხბურთელების ყოლა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ თანაგუნდელების დახმარებას, მაგრამ ყველას სურს აჩვენოს და დაამტკიცოს გუნდში თავისი შესაძლებლობები“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, თუმცა, პირველ ადგილზე გასვლის მცირე შანსი შერჩენილი აქვს და ამიტომაც, კიევის „დინამოსთან“ აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება. მატჩი 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.