ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონში შეიცვლება. იტალიური მედია მასიმილიანო ალეგრის მიერ წამოყენებულ პირობებზე წერს და იტყობინება, რომ ტურინელთა დამრიგებლის სურვილია, გუნდის სათამაშო სისტემა შეცვალოს.
ალეგრი, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, დამდეგ სეზონში საუკეთესო ვარიანტად 4-3-1-2 სქემას მიიჩნევს.
ეს, ის ტაქტიკური სქემაა, რომელსაც ალეგრი „მილანში“ მაშინ იყენებდა, როდესაც ლომბარიულ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და შემდეგ „იუვენტუსშიც“ ამავე სქემით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა (2014-2015 წლების სეზონში).
აქედან გამომდინარე, ალეგრიმ ანდრეა ანიელის მარჯვენა მცველის შეძენა მოთხოვა, რომელიც ჟოაუ კანსელუზე ნაკლებად შემტევი იქნება. ასევე ცენტრალური მცველი, რომელიც საჭირო მომენტში ჯორჯო კიელინის უმტკივნეულოდ შეცვლის და გამთამაშებელი. გარდა ამისა, ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც მირალემ პიანიჩძე ძლიერი იქნება ფიზიკურად და ფავორიტად „ლიონის“ ფეხბურთელი ტანგუი ნდომბელე მიიჩნევა.
მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელთა ვინაობაც. განსაკუთრებით ეს ხუან კუადრადოსა და პაულო დიბალას ეხებათ. კოლუმბიელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ შესაძლოა ალეგრისთვის მაინც საჭირო იყოს და გუნდში დარჩება. იგივე ითქმის დიბალაზეც, რომელიც დიდი ალბათობით, ხსენებულ 4-3-1-2 სქემაში კრიშტიანუ რონალდუს თავდასხმაში შეუწყვილდება და კართან უფრო ახლოს იმოქმედებს, ვიდრე მიმდინარე სეზონში.
აქვე გეტყვით, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი ამ ეტაპზე ჯიბრილ სიდიბესა და კირან ტრიპიერის სახელებმა გაიჟღერა.