მასიმილიანო ალეგრის „იუენტუსში“ დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი არაა. მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსთან“ მარცხი შემდეგ ალეგრიმაც და ანდრეა ანიელიმაც საჯაროდ დაადასტურეს, რომ ისინი თანამშრომლობას აგრძელებენ, ასე სულაც არაა.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, უახლოეს ხანებში, მას შემდეგ, რაც „იუვე“ ზედიზედ მერვე სკუდეტოს გაიფორმებს, ანიელი და ალეგრი დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება ყველაფერი.
საკითხი ასე დგას: თუ ანიელი და ალეგრი ჩათვლიან, რომ ერთად კიდევ შეუძლიათ განვითარება, მაშინ ალეგრი არათუ დარჩება დაკავებულ პოსტზე, არამედ კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს 2021 ან 2022 წლამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულება გაწყდება და ალეგრისაც 5 წლის შემდეგ ბარგის ჩალაგება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში ძალზე რეალური გახდება ანტონიო კონტეს დაბრუნება, რის შესახებაც უკვე დაიწერა.
ვნახოთ, ერთი რამ ნათელია – ყველაფერი სეზონის ბოლომდე გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ალეგრის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება.