ტურინის „იუვენტუსში“ ზაფხულში სატრანსფერო სიახლეები იქნება და ეს ნათელია. იტალიური მედია უკვე წერს, რომ გუნდიდან წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი პაულო დიბალაა.
თუმცა, მასიმილიანო ალეგრისთვის ხელშეუხებელი არც მირალემ პიანიჩი და ჟოაუ კანსელუ არიან. შესაბამისად, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში „იუვე“ ბოსნიელსა და პორტუგალიელს შეელევა. პიანიჩის გადაბირებით „რეალი“ და პსჟ არიან დაინტერესებულნი და 70 მილიონ ევროსაც იხდიან.
აი, კანსელუ „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ალეგრი ხშირ შემთხვევაში მატია დე შილიოს ანიჭებდა უპირატესობას და ამით თავად პორტუგალიელიც უკმაყოფილოა.
თავის მხრივ, ალეგრიმ უკვე წამოაყენა სამი მთავარი მოთხოვნა და პოზიცია, სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და საყრდენი ნახევარმცველი (პიანიჩის პოზიცია).
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რას მოიტანს ზაფხული „იუვენტუსისთვის“…