ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და მეტოქე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეადარა. ალეგრის თქმით, „ღამურების“ წინააღმდეგ გამარჯვება ადვილი არ იყო.
„ვალენსიამ“ დაამტკიცა თავისი ძალა და რომ კარგ კონდიციებშია. შემთხვევით არაა, რომ ლა ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს, დღეს საღამოს გამარჯვება ადვილი არ ყოფილა. „ვალენსია“გარკვეულწილად ეს გუნდი „ატლეტიკოს“ ჰგავს, მეტი ტექნიკური თვისებები აქვს და ნაკლები ფიზიკური ძალა.
პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ გვქონია, თუმცა შემდეგ მოვუმატეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. რამდენჯერმე ბურთი უაზროდ დავკარგეთ და სტანდარტულები ვაჩუქეთ მეტოქეს. თუმცა, გუნდი მუდმივად იზრდება“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა, 12 ქულა დააგროვა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. თუმცა, „ბებერ სინიორას“ ჯერ პირველი ადგილი არ გაუფორმებია.