ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა შემადგენლობის შესახებ მხოლოდ ის დააანონსა, რომ პაულო დიბალა მოედანზე იქნება.
ალეგრი რთულ თამაშს ელოდება და ამბობს, რომ მისმა გუნდმა გოლი უნდა გაიტანოს. კარგი იქნება თუ ამას ორჯერ მაინც მოახერხებს.
„ეს თამაში არაა ჩვეულებრივი, როგორც სხვები. ეს არის მერვედფინალი როგორც შარშან, ორი, სამი, ოთხი, ხუთი წლის წინ, რადგან „იუვენტუსის“ მიზანი ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო. კარგი თამაში იქნება ორ ორგანიზებულ გუნდს შორის. „ატლეტიკო“ დაცვაში ძლიერია და უბურთოდ შესანიშნავად თამაშობს.
ჩვენ გვქონდა სირთულეები, მაგრამ ახლა გუნდი გაიზარდა ყველა ასპექტში. თუმცა მოსამატებელი კიდევ გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი და ჩემპიონატის მომდევნო მატჩები სათამაშო გვაქვს.
გამარჯვებისთვის ბევრი მუშაობა და იღბალიც საჭიროა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. რონალდუს ყოლა რა თქმა უნდა უპირატესობაა, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში ბომბარდირი ის და მესი ხდებოდნენ. თუმცა, გუნდი მთავარია. რონალდუსთან ერთად გამარჯვების შანსი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველაფერი გარანტირებული გვაქვს.
სიმეონე? – მან საოცარი სამუშაო შეასრულა და გუნდი ყოველთვის ერთ დონეზე ჰყავს. სწორი მენტალიტეტი შეუქმნა. ისინი მეტოქეებს პატივს სცემენ. ასე, რომ ჩემი კომპლიმენტები სიმეონეს.
ხვალ თამაში ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ და მეტოქის კონტრშეტევებზე ყურადღებით ვიყოთ. აქ ფრისთვის არ ჩამოვსულვართ, ბიჭებს ვუთხარი, რომ გოლის გატანა აუცილებელია, უკეთესო იქნება თუ ორს გავიტანთ.
ხვალ ხედირა ვერ ითამაშებს, რომელიც ტურინში დარჩა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, აქ კი 4 ნახევარმცველით ჩამოვედით. დიბალა ითამაშებს. მისი ტექნიკა ასეთ თამაშში ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.