ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეს იქნება ლამაზი მატჩი, რადგან ერთმანეთს ორი ისტორიული გუნდი ხვდება.
თუმცა, ალეგრის აზრით, მისი გუნდისთვის „იანგ ბოიზთან“ შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – „ინტერთან“.
„ეს მნიშვნელოვანი და მშვენიერი მატჩია, „დერბი დ’იტალია“. მომხიბლავი საღამო იქნება, რადგან სწორედ „იუვემ“ და „ინტერმა“„მილანთან“ ერთად დაწერეს იტალიური ფეხბურთის ისტორია.
ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ძალიან გაიზარდა თვითრწმენის კუთხით და შედეგებით. „ნაპოლისთან“ ერთად ახლა ჩვენი მთავარი კონკურენტია. ვემზადებით ისეთი დიდი მატჩებისთვის, როგორებიც ჩემპიონთა ლიგაშია. სპალეტი? – მან დაამტკიცა თავისი ძალა „რომაში“ და რუსეთში მუშაობის პერიოდში. ამტკიცებს ახლაც.
„იუვენტუსის“ გზა
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ძალიან მშვიდად. „იუვეს“ უნდა ჩემპიონატის მოგება, წინ ბევრი მატჩია დარჩენილი, მათ შორის უშუალო კონკურენტებთან. „ინტერსა“ და „იანგ ბოიზს“ შორის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ოთხშაბათის თამაშია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა. დღეიდან 29 დეკემბრამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და გავაუმსჯობესოთ ჩვენი შედეგები.
შემადგენლობა
ემრე ჯანი ალბათ განაცხადში იქნება და შესაძლოა ცოტა ხანი ითამაშოს კიდეც. ბენტანკურის საკითხი გასარკვევია, რადგან ზურგის პრობლემა აქვს. თუ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, ან ემრე ჯანი ითამაშებს, ან სათამაშო სქემას შევცვლით. დაცვაში, ბარძალის გარდა, ყველა მზადყოფნაშია.
„ინტერის“ ძლიერი მხარეები
ამ გუნდს ჰყავს იკარდი, რომელიც საოცარი გოლეადორია. გარდა ამისა, პერიშიჩი, ჟოაო მარიო, პოლიტანო, ბროჟოვიჩი, ნაინგოლანი, დე ვრეი და ასამოა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მცველია ბოლო წლებში. სუსტი წერტილები? – მთავარია ჩვენ ვითამაშოთ საჭირო დონეზე“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრა 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.