ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ „იუვენტუსს“ შეუძლია მადრიდისგან განსხვავებული თამაში ჩაატაროს.
ყველაფრის გაღება
ყოჩაღად უნდა ვითამაშოთ და იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე ეს მადრიდში გავაკეთეთ. საჭირო იქნება სისწრაფე და ბევრი ვერტიკალური გადაცემა, შორი მანძილიდან დარტყმები, ისევე როგორც საჯარიმოდან. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და მოედანი ყოველგვარი სინანულის გარეშე უნდა დავტოვოთ.
გამოწვევის სიმაღლე
„ატლეტიკომ“ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა და შესანიშნავი თამაში გველოდება. მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. წლის თამაში? მშვიდად უნდა ვიყოთ, შესაძლოა წინ იყოს მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.
სტანდარტული მდგომარეობების მნიშვნელობა
მადრიდის მატჩში პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ „ატლეტიკოს“ ხარიხის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ საფრთხემ გაიარა და დავმშვიდდით. თამაშის ბედი სტანდარტულმა სიტუაციებმა გადაწყვიტა და შესაძლოა ხვალაც მნიშვნელოვანი იყოს. „ნაპოლისთან“ სტანდარტებიდან კარგად ვითამაშეთ, ვინ იცის, პიანიჩმა იგივე გააკეთოს…
დუგლას კოშტას ტრავმა
დუგლას კოშტა ისევ ტრავმირებულია, რომელმაც თავი ისევ ცუდად იგრძნო. სპინაცოლა პირველივე წუთიდან ითამაშებს? შესაძლოა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.