ტურინის „იუვენტუსის“ დაცვის ხაზი ძველებურად დამაჯერებელი აღარ არის. სერია A-ს საწყის ხუთ ტურში „იუვემ“ ხუთი გოლი გაუშვა და მსგავსი ცუდი შედეგი 2015-2016 წლების სეზონის სტარტის შემდეგ არ ჰქონია. თუ ამას ჩემპიონთა ლიგაზე ერთ თამაშში გაშვებულ ორ გოლსაც დავუმატებთ, სტატისტიკა კიდევ უფრო სავალალო გახდება.
ხსენებულ 2015-2016 წლების სეზონში კი, „იუვემ“ ასპარეზობა ცუდად დაიწყო და სკუდეტო საოცარი ქამ-ბექის ფონზე მოიპოვა.
ახლა კი, მაურიციო სარის გუნდმა ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო. თუმცა, ეს არ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ ტურინელთა დაცვაში პრობლემებია. სამი გოლი „ნაპოლისთან“, თითო კი „ვერონასთან“ და „ბრეშასთან“.
გუშინ მაურიციო სარიმაც აღნიშნა, რომ მის გუნდს დაცვით ფაზაში მოსამატებელი აქვს.