მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაჯოლი: “ინტერი” მიწვევდა, მაგრამ “იუვედან” რომ დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი”

ფაჯოლი: “ინტერი” მიწვევდა, მაგრამ “იუვედან” რომ დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი”

ტურინის „იუვენტუსში“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სასიამოვნო სიურპრიზი ნიკოლო ფაჯოლია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს და გულშემატკივრები ითხოვენ, რომ ის მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყოს.

ნიკოლომ, რომელიც „იუვეს“ აკადემიაში გაიზარდა, კლუბის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

– დასანანია, რომ ატალანტა ვერ დავამარცხეთ. დასანანია მეორე ტაიმის საწყისი 5 წუთი, მაგრამ შემდეგ თამაშში კარგად დავბრუნდით და ეს კარგი სიგნალია მთელი გუნდისგან. საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ. ჩემპიონატში ზედიზედ 8 მოგება გვქონდა, შემდეგ „ნაპოლისთან“ წავაგეთ და „ატალანტასთან“ კარგად ვითამაშეთ. პირად დონეზე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

– ქულების დაკლება?

– არ ველოდით, რომ 15 ქულას დაგვაკლებდნენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. მხოლოდ მოედანზე უნდა გავიდეთ და ვეცადოთ ოთხეულში მოხვედრა. პრეზიდენტმა ფერერომ და სკანავინომ გვითხრეს, რომ ისინი იბრძოლებენ ამ ქულების დასაბრუნებლად. ამიტომ, მოედანზე უფრო მშვიდად უნდა გავიდეთ.

– ფანებს რას ეტყოდით?

– „იუვე“ არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს სძულს, მაგრამ თუ ერთიანები დავრჩებით, როგორც კლუბი, ისე გულშემატკივრები და ფეხბურთელები, ამ სიტუაციიდან გამოვალთ.

– თქვენთვის გარდამტეხი მატჩი „ლეჩესთან“ იყო?

– სერია A-ში სადებიუტო გოლი გავიტანე, ეს ფანტასტიკური ემოცია და შესანიშნავი კვირა იყო, რადგან შემდეგ პსჟ-სთან ვითამაშე, მერე „ინტერსაც“ გოლი გავუტანე, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რადგან „ინტერი“ ისტორიულად ჩვენი მეტოქეა. თვეების განმავლობაში ბევრი არ მქონდა ნათამაშები, „იუვეს“ მთავარ გუნდში ეს ჩემი პირველი სეზონი იყო და ადვილი არ გახლდათ. გოლის გატანა ჩემთვის და გუნდისთვის განმათავისუფლებელი იყო.

– დანილოს მნიშვნელობა?

– ის ჩემთვის და ყველასთვის ამოსავალი წერტილია. დიდი ქარიზმა აქვს, ყოველთვის იცის, რა უნდა თქვას, ეხმარება თანაგუნდელებს. პირლოს დროიდან მოყოლებული ყოველთვის მხარში მიდგას, მისით აღფრთოვანებული ვარ. როგორც ადამიანი და ფენომენალური ფეხბურთელია.

– რაზე ოცნებობთ „იუვენტუსში“?

– ჩემი ყველაზე დიდი ოცნება „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, შემდეგ სკუდეტოს, იმედი მაქვს, რომ ამას მალე მოვახერხებ.

– „იუვეში“ როგორ მოხვდით?

– „პიაჩენცაში“ ვიყავი, მაგრამ კლუბი გაკოტრდა, ამიტომ „კრემონეზეში“ წავედი, რადგან სახლში ახლოს იყო. „ინტერი“ მიწვევდა და კინაღამ კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ შემდეგ ჯიჯი მილანი დამიკავშირდა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მან მითხრა, რომ „იუვენტუსი“ მიწვევდა და მაშინვე „იუვე“ ავირჩიე. ჯიჯი მილანი ჩემთვის აქ, „იუვეში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, მან მომიყვანა აქ, ხშირად ვესაუბრები და უამრავ რჩევას მაძლევს.

– ახალგაზრდულ სექტორზე რას იტყვით?

– „იუვეს“ ახალგაზრდული გუნდი ბევრ რამეში დაგვეხმარა. 23-წლამდე გუნდში უკვე პროფესიონალებთან თამაშობ, რაც პრიმავერაში შეუძლებელია. შემდეგ „კრემონეზეში“ იჯარაც დამეხმარა, კარგ გუნდში და პეკიასთან აღმოვჩნდი, რომელსაც „იუვედან“ უკვე ვიცნობდი. ეს იყო გუნდი, რომელმაც სერია B-დან სერია A-ში გადასვლა მოახერხა.

– ალეგრისთან ურთიერთობა?

– ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა 2018 წელს პრესკონფერენციაზე ჩემზე ისაუბრა. მაშინ ტურნეში თამაში ამაღელვებელი იყო. მახსოვს, პრიმავერაში ვიყავი, როცა მისი სიტყვები ჩემს შესახებ მოვისმინე.

– რჩევა ახალგაზრდებს?

– მათ ვეტყოდი, რომ ნაკლები დრო დაუთმონ ტელეფონს და მეტი დრო გაატარონ მოედანზე, რადგან ჩემპიონები ასე ხდებიან.

– იტალიის ნაკრები?

– ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ენით აღუწერელი ემოცია იყო. პირველ ბურთს მკერდით შევეხე და ეს მშვენიერი იყო. ოცნებაა 2026 წლის მუნდიალზე თამაში და შესაძლო მოგება, შორი გზაა, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

– განსხვავებები სერია A-სა და სერია B-ს შორის?

– სერია A-ს დონე ძალიან მაღალია, ყველა მატჩი რთულია და ეს კრემონაშიც ვნახეთ. თუ ინტენსიურად არ ითამაშებ და არ დარბიხარ მეტოქეზე მეტს, გაგიჭირდება. სერია B-სთან განსხვავება ბურთის სწრაფ მოძრაობასა და ტექნიკაშია.

– დი მარია?

– ფენომენია, სხვა კატეგორიის მოთამაშე. სასიამოვნოა მისი მოედანზე ყურება, ერთი სული მაქვს პასი მივცე, რადგან ყოველთვის რაღაც ფანტასტიკურს აკეთებს. მოედნის მიღმაც განსაკუთრებული და ნორმალური ადამიანია, იღიმის და ხუმრობს. მიხარია, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

– კუმირები?

– ბავშვობაში ეს იყო დელ პიერო, ჩემს ოთახში ალექსის პოსტერი მქონდა. შემდეგ დიბალა, ახლა კი ჩემი ინსპირაცია მოდრიჩია.

– გასახდელში?

– ჩემს ყველა თანაგუნდელს ვესაუბრები, უფრო მეტს იტალიელებთან ვსაუბრობ ენის გამო, მაგრამ ასევე დი მარიასა და პარედესთან. ჩვენ იტალიურადაც ვსაუბრობთ, მაგრამ ხანდახან სულე მეხმარება ესპანურად თარგმნაში.

– 44 ნომერი?

– 21 დაკავებული იყო, 44 ნომრით კი მანამდეც ვთამაშობდი და ამიტომ ავირჩიე. 8 ნომერი ავიღო და კაპიტანი გავხდე, როგორც მარკიზიო? 8 ნომერი არ მომწონს, 10 მომწონს, მაგრამ ამაზე ოცნება ნაადრევია.

– დაბადების დღის საჩუქარი?

– 12 თებერვალს „იუვენტუსი“ – „ფიორენტინას“ მატჩია და ვიმედოვნებ, რომ მოვიგებთ, კარგი იქნება თავით გოლის გატანაც. თავით თამაში ცოტა მიჭირს, ახალგაზრდულ გუნდშიც კი თავით არასდროს გამიტანია.

შეგახსენებთ, რომ ფაჯოლის მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი, გუშინ „ატალანტასთან“ კი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …