მთავარი / სიახლეები / ლამაზი გოლებით და სტადიონზე დაბრუნებული ფანები: “იუვემ” “ატალანტას” მოუგო

ლამაზი გოლებით და სტადიონზე დაბრუნებული ფანები: “იუვემ” “ატალანტას” მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ტურინში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვლის შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ გულშემატკივრები დაბრუნდნენ და თამაშს 15 ათასი ქომაგი დაესწრო. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი გარემო შეიქმნა.

„იუვემ“ სწრაფად შეძლო დაწინაურება. მერვე წუთზე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფენომენალური კონტრშეტევა განახორციელა. კრიშტიანუ რონალდუმ იერიში ტურინელთა საჯარიმოდან დაიწყო, კიეზასთან კედელი გაითამაშა, მერე ისევ ფედერიკოს მისცა პასი, რომელმაც პაულო დიბალა მოძებნა და არგენტინელმა ერთი შეხებით გაიტანა. მართლაც ეფექტური გოლი გამოვიდა.

„ატალანტამ“ ზუსტად 10 წუთში გაათანაბრა. ლეონაროდ ბონუჩიმ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და პენალტი ლუის მურიელმა ზუსტად შეასრულა. ტურინელებმა ტაიმი მაინც მოიგეს. 39-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ფედერიკო ბერნარდესკიმ ძალიან ძლიერად დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბევრი ცვლილება მოხდა ორივე გუნდის რიგებში, „იუვემ“ კი საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა. დეიან კულუშევსკიმ ალვარო მორატას ცარიელ კარში გაატანინა – 3:1.

„იუვენტუსმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 22 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 დიბალა (8), 1:1 მურიელი (18, პენ), 2:1 ბერნარდესკი (39), 3:1 მორატა (90)

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (პინსოლიო 82); კუადრადო, დე ლიხტი (რუგანი 71), ბონუჩი (კიელინი 70), ალექს სანდრო (პელეგრინი 71); ბენტანკური (რანოკია 82), რემზი (ფაჯიოლი 78), ბერნარდესკი (მაკკენი 63); კიეზა (კულუშევსკი 54), დიბალა (მორატა 54), რონალდუ (დე შილიო 63)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …