მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჩვენთვის ხვალიდან ახალი სეზონი იწყება”

ალეგრი: “ჩვენთვის ხვალიდან ახალი სეზონი იწყება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ამ მატჩის მოგებაა.

„ხვალიდან ახალი სეზონი უნდა დაიწყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი თვე ცუდად ჩავატარეთ და პირველი სამი თამაში კარგი იყო, შემდეგ კი დავნებდით. 9 თამაში ვითამაშეთ, 3 წავაგეთ, 4 ფრედ დავასრულეთ. ხვალ ვხვდებით „ბოლონიას“, რომელსაც „ემპოლისთან“ წაგება არ დაუმსახურებია, ჩვენ კი გამარჯვების გემო უნდა გავიხსენოთ, ფეხბურთელები სანაკრებო პაუზიდან კარგად დაბრუნდნენ, იტალიამ ორივე თამაში მოიგო, ვლაჰოვიჩმა და კოსტიჩმა სერბეთში კარგად ითამაშეს.

ბონუჩი? დაღლილი იყო და მონცაში ვამჯობინე, რომ დამესვენებინა, მაგრამ ეს დაგეგმილიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანია, 35 წლისაა, შესაბამისად, სწორად უნდა ვმართოთ, როგორც დანილო და კუადრადო. ყოველ სამ დღეში თამაში გვაქვს, წინ მნიშვნელოვანი ორი კვირაა, თუმცა ჯერ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ.

რაზე ვფიქრობდი ამ ორ კვირაში? ყველაფერზე, განსაკუთრებით გავაანალიზეთ, რა შეიძლება იყოს გუნდის პრობლემები. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, ეს არის მინდორზე დახარჯვა და მოულოდნელი სიტუაციების უკეთ მართვა. „სალერნიტანასთან“ გადაჭარბებული ნერვიულობა ენერგიის დაკარგვად დაგვიჯდა. ხვალ ალექს სანდრო, რაბიო და ლოკატელი დაბრუნდებიან. მხოლოდ დი მარია არ იქნება, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ასევე კიეზა და პოგბა, რომლებიც ჯერ ვერ გვეხმარებიან.

ალექს სანდრო, ლოკატელი და რაბიო? კარგად არიან, სანაკრებო პაუზამ საშუალება მოგვცა, ისინი, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გამოჯანმრთელებულიყვნენ. სათამაშოდ მზად არიან.

როგორი სანაკრებო პაუზა იყო? როცა მარცხდები, ყოველთვის ცუდი შესვენება გაქვს, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. ვცდილობთ გამარჯვება მოვიპოვოთ და ვიმედოვნებთ, რომ ამას, რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომლებიც გაძლიერდნენ. მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყველაფერი წესრიგში დავაბრუნოთ. განსხვავებული, უფრო ბოროტი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.

რა მიზნით ვიქნები კმაყოფილი 13 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის დროს? ვნახოთ, ახლა აზრი არ აქვს ლაპარაკს, უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ და მეტი ვიმუშაოთ. ეს არ არის პირველი მომენტი, რომელიც ასეთ სიტუაციაში გავატარე და არც ბოლო იქნება.

მილიკი ვლაჰოვიჩსა და დი მარიასთან ერთად? დი მარიას გარეშე ნორმალურია, რომ ვეცდებით ორი გამორჩეული ფეხბურთელის გამოყენებას. მაშინ, როცა არგენტინელი დაბრუნდება, რაღაცების შეცვლა მოგვიწევს. ეს არ არის პრობლემა, მთავარია სწორი დამოკიდებულება გვქონდეს.

პოგბას და კიეზას დაბრუნება? ამ დროისთვის ზუსტი დრო არ ვიცით. კიეზა მალე დაიწყებს ბურთთან ერთად ვარჯიშს და გუნდს მიუახლოვდება. პოლს ჯერ სირბილი არ დაუწყია, შეიძლება 2-3 კვირაში ჩვენს განკარგულებაში იყოს.

მსაჯების შეცდომა „სალერნიტანასთან“? კომენტარს არ ვაკეთებ, როკი პასუხისმგებელია მსაჯებზე და ამაზე მან უნდა იზრუნოს. ვულოცავ ქალბატონს, რომელიც „სასუოლო“ – „სალერნიტანას“ მატჩს იმსაჯებს.

გუნდიდან წასულმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ „იუვე“ ძალიან უკნიდან და დაცვითი სტილით თამაშობს? მათ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ბევრი გაიღეს „იუვესთვის“, მაგრამ „იუვესგანაც“ ბევრი მიიღეს. მომწონს პირისპირ საუბარი, სხვა შემთხვევაში სიტყვების გადაკეთება ხდება.

ლოკატელი „იუვეს“ მომავალი ლიდერია? ვფიქრობ, რომ მანუელმა გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა. წელს საუკეთესოდ არ დაუწყია, მაგრამ სანაკრებო პაუზის დროს დავინახე, რომ გაცოცხლებულია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. მჯერა, რომ ის იქნება „იუვენტუსის“ ლიდერი მორალური და ტექნიკური ხარისხიდან გამომდინარე.

მერვე შეტევა გვყავს სერია A-ში? 2-3 სტატისტიკური მონაცემია, რომლებიც არ მომწონს. მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ერთად გამოსავალი ხვალ „ბოლონიასთან“ გამარჯვებაა.

ჩირო ფერარამ კასანოს უპასუხა? წავიკითხე, ფენომენალური პასუხი იყო. მე თუ უნდა ვუპასუხო კასანოს? მე და ჩემი სტაფი იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც გასაკეთებელია, რაც უნდა გაკეთდეს, გარეთ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …