მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “სერია A-ში დასარჩენად ქულების მოპოვება გვჭირდება, ეს უნდა გავიგოთ”

ალეგრი: “სერია A-ში დასარჩენად ქულების მოპოვება გვჭირდება, ეს უნდა გავიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება და ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ 23 ქულა აქვთ.

„ასეთი პირველი ტაიმი არასდროს გვქონია, მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ ტაიმს კარგად უნდა ვუყუროთ და ყველამ პასუხისმგებლობა ავიღოთ. ამან უნდა დაგვაფიქროს. სამ თამაშში მხოლოდ ქულა ავიღეთ და 10 გოლი გავუშვით. დღეს ერთი გოლი აუტიდან გავუშვით, მეორე კი წარმოუდგენელი სიმარტივით. 38 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ 23 ქულა გვაქვს, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ და ვიმუშაოთ.

ძალიან ნელა ვიმოქმედეთ, გოლების შემდეგ რეაქციაც არ გვქონდა. „ატალანტასთან“ შეცდომებით სამი გოლი გავუშვით, მაგრამ დღეს, რაც მოხდა, არ შეიძლება, გოლებს ასე უნდა ვუშვებდეთ.

მხოლოდ ის ვიცი, რომ მოედანზე მუშაობაზე უნდა ვიფიქროთ და ვისაც ეს არ შეუძლია, ნორმალურია, რომ გარეთ დარჩენა მოუწევს. სერია A-ს გარდა, გვაქვს იტალიის თასი და ევროპა ლიგა, ორივე მნიშვნელოვანი ტურნირია. დღევანდელი მარცხის შემდეგ ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ 23 ქულა გვაქვს. ახლა უნდა გავერთიანდეთ და „ლაციოსთან“ მატჩზე ვიფიქროთ. 3 თამაშში 10 გოლი გავუშვით და ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს.

მილიკი? ჯერ ზუსტი მდგომარეობა არ ვიცით, მაგრამ ცოტა ხანი ნამდვილად ვერ ითამაშებს, თავს კარგად ვერ გრძნობს და “ლაციოსთან” ნამდვილად არ იქნება. აქ არიან ვლაჰოვიჩი და კინი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგად ვერ ითამაშა, როგორც ყველამ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად თამაში შეუძლიათ. ჯერ არ გვქონდა სახლში წაგება, წავაგეთ კარგად ორგანიზებულ გუნდთან, მაგრამ საკუთარი ხელით წავაგეთ, რადგან ასე მარტივად ორი გოლის გაშვება არ შეიძლება.

დელიკატური მომენტია, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ გარე საკითხები ჩვენ არ გვეხება. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ ბოლო სამ თამაშში 1 ქულა ავიღეთ და 10 გოლი გავუშვით. 23 ქულა გვაქვს, ეს არის რეალური სატურნირო ცხრილი და 38 ქულაზე არ უნდა ვიფიქროთ. ბიჭებმა ეს უნდა გაიგონ, გადასარჩენად ქულების დაგროვება გვჭირდება.

პოგბა? მას თამაში შეეძლო, მინდოდა მისი თამაშში ჩართვა, მაგრამ შემდეგ მატჩი სხვაგვარად წარიმართა. სატრანსფერო ბაზარი? მე არაფრის მოლოდინი მაქვს, გვყავს გუნდი, რომელმაც იმაზე უკეთ უნდა ითამაშოს, ვიდრე ახლა თამაშობს”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 23 ქულით მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ბებერი ქალბატონი“ იტალიის თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს, სერია A-ში კი 7 თებერვალს, „სალერნიტანას“ ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …